მებრძოლი ქართული სული

Get Adobe Flash player

პროგრამა

საარჩევნო პროგრამა

DROSHA2 (1)


საარჩევნო პროგრამა
საპარლამენტო არჩევნები
2016

შესავალი

მიმდინარე წლის დეკემბერში „ეროვნული ფორუმს“ 10 წელი უსრულდება. დაფუძნებიდან მოკლე პერიოდში „ეროვნულმა ფორუმმა“ შეძლო ქვეყნის მასშტაბით პარტიული ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა, შეიმუშავა პარტიის პროგრამა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
დაფუძნების დღიდან პარტია საექსპერტო დონეზე აანალიზებს და აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო – კულტურულ პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, დემოკრატიული პრინციპების ერთგულების ნიშნით არ ერიდება საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებს.
2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმი“ წარმოდგენილი იყო ბლოკში – “გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები”. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში ბლოკმა 18% მიიღო, თუმცა, შედეგების გაყალბების გამო “ეროვნულმა ფორუმმა,” პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.
2012 წლის დასაწყისში „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სუბიექტი გახდა, რის შემდეგაც იგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც კოალიციის საპარლამენტო საარჩევნო პროგრამის და არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განსაზღვრასა და ფორმირებაში, ისე საარჩევნო კამპანიაში.
2014 წლის დასაწყისში „ეროვნულმა ფორუმმა“ შექმნა საპრლამენტო ფრაქცია და 2016 წლის აპრილამდე საპრალამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ფრაქცია სრულად იცავდა კოალიციური შეთანხმების პირობებს.
წევრთა რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად, „ფრაქცია ეროვნული ფორუმი“ საკმაოდ მაღალი აქტიურობითა და პროდუქტიულობით გამოირჩეოდა როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო და სხვა პოლიტიკურ საქმიანობაში. ნიშანდობლივია, რომ ის ხშირად მწვავედ, მაგრამ კონსტრუქციულად ოპონირებდა.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერები, საპარლამენტო ფრაქცია, ცენტრალური და რეგიონული ოფისები და პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რამაც დიდწილად განაპირობა კოალიციის კანდიდატების წარმატება.
„ეროვნული ფორუმის“ რიგგარეშე მე-5 ყრილობაზე, რომელიც 2016 წლის 3 აპრილს გაიმართა, ფარული კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით, ხმების დიდი უმრავლესობით, დელეგატებმა მიიღეს გადაწყვეტილება “ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე.
„ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო პროგრამას საფუძვლად უდევს განახლებული ხედვა. ამომრჩეველის სამსჯავროზე გამოტანილია ქვეყნისთვის გამორჩევით პიოროტეტული რამდენიმე მიმართულება, რომელთა წარმატებით რეალიზება და სამომავლო პერსპექტივა რეალურად მოუტანს დიდ სიკეთეს მოსახლეობას და ქვეყანას.
საარჩევნო პროგრამის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: პარტიის ლიდერებმა, მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივმა სპეციალისტმა, რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტმა.

I. ეროვნული იდეა, ეროვნული სახელმწიფო და მისი ფუნქცია

ნებისმიერ ერს თავისი ისტორიის ყველა ეტაპზე ჰქონდა და აქვს ეროვნული იდეა – ერთი მხრივ მისი წარსულისა და, მეორე მხრივ, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მონაპოვართა ერთობლივი გააზრება – გადაფასების შედეგად ჩამოყალიბებული ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა, რომელიც ერისთვის (ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილისათვის) მისაღებია და წარმოადგენს მიზნის მისაღწევად გაერთიანების საფუძველს, თვითდამკვიდრებისა და განვითარების მუდმივად განახლებად კომპლექსურ გეგმას.
ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა დამსახურება გვაქვს კაცობრიობის წინაშე, რა შეცდომები დავუშვით და რა მიღწევები გვაქვს წარსულში, დღეს რა გვსურს, რა ფუნქციის მატარებელნი ვართ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს, როგორ გზას ვირჩევთ განვითარებისათვის, ვთავაზობთ თუ არა რაიმე ახალს კაცობრიობას, რა არის ჩვენი ეროვნული ღირსებისა და სიამაყის საფუძველი, ან საერთოდ რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ ერი გვერქვას და, შესაბამისად, გვეკავოს ღირსეული ადგილი სხვა განათლებულ ერებს შორის?
ამ შეკითხვებს პასუხი სჭირდება.
ორი საუკუნეა, რაც ეროვნული იდეის გარეშე ვცხოვრობთ, როცა ამას ვამბობთ, არ ვგულისხმობთ, რომ არ გვყოლია, ან დღეს არ გვყავს ადამიანები, ვინც დასმულ კითხვებზე პასუხი იციან. უბრალოდ, მათი იდეები არ მივიღეთ ან ვერ ვაქციეთ ეროვნულ იდეად, ავტორები კი, ზოგი ფიზიკურად გავანადგურეთ, ზოგი გავლანძღეთ, გავრიყეთ და მივივიწყეთ.
ეროვნული იდეის ჩამოყალიბება – გათავისება ურთულესი ამოცანაა და ამ ამოცანის წარმატებით გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა გაბნეული ეროვნული ენერგიის შეკრება – გამთლიანებას და მიმართვას მიზნის მისაღწევად. ამის გარეშე თავს ვერ დავაღწევთ თანდათანობითი დეგრადირების მოძალებულ პროცესს, რომლის ლოგიკური დასასრულიც ქართველობის, როგორც ერის, გაქრობა იქნება.
საძირკველი ეროვნული იდეისა არის ქართული ეროვნული სახელმწიფო, იგი იმავდროულად, ამ იდეის განხორციელების, ქართველობის თვითდამკვიდრების, მისი სულიერი და მატერიალური განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაცაა – ჩვენსავით მცირერიცხოვან ერს, თანამედროვე ინტეგრაცია – გლობალიზაციის პროცესში, გაწონასწორებული სახელმწიფო პოლიტიკის გარეშე, ისტორიული პერსპექტივა არ გააჩნია.
ვერც ერთი ერი ვერ გადაჭრის ვერც ეროვნულ და ვერც ზოგადსაკაცობრიო ხასიათის ამოცანას, თუ მას არ აქვს განვითარებული ეროვნული ღირსების გრძნობა.
ჩვენში შეხედულებათა ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე – ან გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე ან, პირიქით, ეროვნულის სრული იგნორირება. ერთიც და მეორეც დამღუპველია.
საუკუნეების მანძილზე ძნელბედობამ და ძლიერი მეზობელი ქვეყნების ექსპანსიამ არაერთხელ გვაქცია დიდ სახელმწიფოთა პროვინციად. ასეთმა ყოფამ შექმნა ჩვენში მისწრაფება რელიგიური, იდეოლოგიური და პოლიტიკური ცენტრის ქვეყნის გარეთ ძიებისა. დღესაც იგივე მდგომარეობაა. ამას ჩვენთვის კარგი არაფერი მოუტანია და ვერც მომავალში მოგვიტანს.
ერს ღირსების გრძნობა უნდა გააჩნდეს – ჩვენი რელიგიური, იდეოლოგიური და პოლიტიკური ცენტრი ქვეყანაში უნდა გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვათა უარყოფით ზემოქმედებას ვერასოდეს დავაღწევთ თავს, ვერც დავიცავთ ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებს, ვერც შევეწინააღმდეგებით უცხო და მიუღებელი იდეოლოგიების გავრცელებას, ვერ შევძლებთ სხვათა მიღწევების რეალურად შეფასებასა და გამოყენებას, ვერ გავითავისებთ ეროვნულ იდეას.
საზოგადოების ცნობიერებაში ვერაფრით მოხერხდა ისეთი ფუნდამენტური ცნებების შეერთება – შეკავშირება, როგორიც გახლავთ ეროვნული და დემოკრატიული. ამ ღირებულებების დაცალკევებულმა ხედვამ დაღუპვამდე მიყვანა პირველი რესპუბლიკა და მნიშნელოვან პრობლემებს უქმნის მეორეს.
დღეს საქართველოში, მრავალთა მცდელობით, ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებები კვლავ ურთიერთდაპირისპირებულად აღიქმება. სინამდვილეში ასეთი დაპირისპირება ხელოვნურია.
ცივილიზებული სამყაროს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ თანამედროვე ეტაპზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა მხოლოდ იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებმაც აირჩიეს დემოკრატიული განვითარების გზა, სადაც დაცულია მრავალფეროვან – მრავალგვარი ღირებულებები, ტრადიციებზე უარის თქმის გარეშე.
საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ძლიერი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა ვერ მოხერხდება თავისუფლების, ტრადიციების, დემოკრატიული ღირებულებების აღიარება-დაფუძნების გარეშე. ეს ისეთივე საფუძველია ეროვნული იდეისა, როგორიც ეროვნული სახელმწიფო.
ჩვენთვის ერისა და პიროვნების თავისუფლება ძირითადი ღირებულებებია. თავისუფლება გამორიცხავს ქაოსსა და უწესრიგობას. ჭეშმარიტად თავისუფალ პიროვნებად განიხილება მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ის ცხოვრობს საზოგადოებაში და მისი მოქმედების თავისუფლება შეზღუდულია სხვა ასეთივე ადამიანების თავისუფლებით. ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, თუ არ არის გარანტირებული მისგან განუყოფელი და საყოველთაოდ აღიარებული მისი ძირითადი უფლებები. პიროვნების თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან საზოგადოებაში.
მხოლოდ თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ჭეშმარიტ ეროვნულ თავისუფლებაზე. მხოლოდ თავისუფალ ერს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა სხვა ერების თავისუფლებაზე, პატივი სცეს და გაითვალისწინოს მათი ინტერესები საკუთარ ინტერესებთან ერთად და იგივე მოითხოვოს სხვისგან საკუთარი თავის მიმართ.
თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატიით. დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, თავისუფლებისა და ღირსების დაცვა.
ერისა და ეროვნული სახელმწიფოს, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება – განხორციელების, უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეროვნული თანხმობა ეროვნული იდეის წიაღში და სახელმწიფოს სწორი საერთაშორისო ფუნქცია. ქვეყნის დასაქმება ერთაშორისი ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, სამეცნიერო სივრცეებში არის წინაპირობა თითოეული პიროვნების ნიჭის, უნარ – ჩვევების რეალიზებისა, შესაბამისი დასაქმებისა, ეროვნული ენერგიის გამოვლენა – ამოქმედებისა მსოფლიო ასპარეზზე. სახელმწიფოს ასეთი სამუშაო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ჩვენი ერის ბუნებრივი ისტორიული მდგომარეობით ჩამოყალიბებულ ფსიქოტიპს, ხასიათ – ჩვევების დადებით მარაგს ემყარება და მეცნიერულადაც საბუთდება.
საქართველოს საერთაშორისო როლის ძიება, მისი გამთლიანების მცდელობა შიდა დაპირისპირების საბაბად არ უნდა იქცეს, შიდა ეროვნული თანხმობის საფუძვლად უნდა მოგვევლინოს.
ეს როლი იქნება გარანტი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მთლიანობის, ფუნქციური და შემდგომ ტერიტორიული მთლიანობისა იმიტომ, რომ მის შესრულებას სათანადო არეალი და ყველას ჩართულობა ჭირდება.
ამავე დროს, ეროვნულ თანხმობასთან ერთად, ეს სამუშაო მოითხოვს მთავარი ინსტრუმენტის, სახელისუფლებო მართვის სისტემის კომპლექსურ სტრუქტურულ – ფუნქციურ ტრანსფორმაციას. შესაცვლელია მიდგომა – დამოკიდებულება მოქალაქისადმი, საქმისადმი, ქვეყნისადმი, ვინაიდან ათწლეულობით უკვე არსებული სახელისუფლებო სისტემას საკუთარ თავზე ამუშავებს და ის ზურგშექცეულია ადამიანისა და ქვეყნის საჭიროებების მიმართ. ამით ისპობა სამართლიანობის განცდა, იშვება უსამართლობა – უკანონობა, იქმნება შთაბეჭდილება სახელმწიფოებრივი თვითშეგნების და სახელმწიფოს ჩამოყალიბების რესურსის დეფიციტისა. შესაცვლელია ხელისუფლების არა მხოლოდ ვინაობა, არამედ რაობა – რაგვარობა. დღევანდელი პოლიტიკური ამოცანებიც იმით განისაზღვრება – რანი ვართ და რა მიზანს ვეძებთ.
მსოფლიოში გლობალური დისბალანსი, მრავალმხრივი წინააღმდეგობები სახეზეა. მიმდინარეობს ცივილიზაციათა და შიდა ცივილიზაციური დაპირისპირებები.
სისხლიანი კონფლიქტები მორიგი მსოფლიო ომის წინაპირობებს ქმნის. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ ფრონტის ხაზი არ არსებობს. მოქმედებს პრინციპი – ყველა ყველას წინააღმდეგ. უახლოეს წარსულში მომსწრენი გავხდით ამ დაპირისპირებების შედეგად სახელმწიფოების ნგრევისა (ლიბია, ერაყი, სირია). ეს ყველაფერი სამეზობლოში, ჩვენგან სამხრეთით ხდება. სახიფათო ვითარებაა ჩრდილოეთით უკრაინაში. სტაბილურად მძიმეა სიტუაცია კავკასიაშიც. (მთიანი ყარაბაღი, რუსული ოკუპაცია საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასია). გასაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ტერორიზმი, როგორც ამ დაპირისპირებების ერთერთი მთავარი იარაღი.
ეს გლობალური პროცესი საქართველოს უშუალოდ ეხება. ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა თავიდან აიცილოს საფრთხეები და, შეძლებისდაგვარად, პოზიტიური როლი შეასრულოს პრობლემების მოგვარებაში. მიზანი რთული, თუმცა მიღწევადია.
მაშინ, როცა ყველა ყველას წინააღმდეგია, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც პოზიტიური ურთიერთობა აქვს რეგიონის ყველა ქვეყანასთან.
ვინაიდან არსებობს რეგიონში დიდ მოთამაშეთა (აშშ, ევროპა, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ისრაელი, არაბული სამყარო, გარკვეულ წილად ჩინეთი) ურთიერთუნდობლობით გამძაფრებული კონკურენცია, ქართულ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა გახდეს სამშვიდობო პროცესის დაწყების ინიციატორიც და მასპინძელიც.
ასეთ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ. დღევანდელ ქართველობას წილად ხვდა ბედი, საბოლოოდ დააფუძნოს ქართული სახელმწიფოებრიობა ანუ შექმნას წინაპირობა ქართველობის, როგორც ერის, სამუდამო დამკვიდრებისა. ასეთი პატივი არ რგებია წარსულში და აღარ ერგება მომავალში ქართველთა არც ერთ თაობას. ჩვენგან განსაკუთრებული არაფერი მოითხოვება – უბრალოდ, ღირსნი უნდა ვიყოთ ამ ისტორიული მისიისა.

II. ეკონომიკური სისტემის რეფორმა და ინსტიტუციური ცვლილებები

2.1. მაკროეკონომიკური ანალიზი
2.1.1. მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკური ზრდა

• საქართველოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ოდენობამ 2015 წელს შეადგინა 3,759 აშშ დოლარი. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ასეულში ვერ ხვდება და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ ჩამორჩება. საყურადღებოა საქართველოში მშპ-ს ტერიტორიული სტრუქტურაც, რომლის მიხედვითაც მშპ-ს დაახლოებით 50% ქ. თბილისზე მოდის. რაც შეეხება მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურას, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მშპ-ს მთლიან მოცულობაში ეკონომიკის რეალური (პროდუქციის წარმოება) სექტორის ხვედრითი წილი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 39%-დან 33%-მდე შემცირდა.
_ აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში აქტიურად მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები და ეკონომიკაში პროდუქციის წარმოების სექტორის შემცირების ფონზე მომსახურეობის სფეროს ხვედრითი წილი ეტაპობრივად იზრდება.
_ ამასთან, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2015 წელს შეადგინა მხოლოდ 2.8%, ხოლო 2016 წელს ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია 3%-ის ფარგლებში. 2017 წლიდან, მთავრობის პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპმა შესაძლოა მიაღწიოს 5.5%-ს. ამდენად, ცხადია, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტემპები ძალიან მცირეა, ვინაიდან არსებული მძიმე სასტარტო მდგომარეობის პირობებში საზოგადოებისათვის რეალურად ხელშესახები შედეგების მიღებას ასეთი ზრდის ტემპით არანაკლებ 15-20 წელი დასჭირდება.

2.1.2. საგარეო ვაჭრობა

• საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ბოლო 5 წლის განმავლობაში 9.5-11 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთან საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში უმეტესი ნაწილი საქონლისა და მომსახურების იმპორტს უკავია, რის გამოც საგარეო ვაჭრობის ბალანსი სტაბილურად დეფიციტურია და ეს დეფიციტი ეტაპობრივად იზრდება.
• მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა შემცირდა თითქმის 25%-ით (2013 წელს – 2.9 მლრდ აშშ დოლარი, 2015 წელს – 2.2 მლრდ აშშ დოლარი).
• რაც შეეხება საქონლისა და მომსახურების იმპორტს, ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპორტის მოცულობა 7 მლრდ აშშ დოლარიდან გაიზარდა 7.7 მლრდ აშშ დოლარამდე (ზრდა – 10%).
_ ამ ფაქტორების გამო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მშპ-ს თითქმის 40%-ს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაზე სერიოზულ ნეგატიურ ზეწოლას ახდენს და მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს.

2.1.3. სახელმწიფო ვალი

• ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ეტაპობრივად გაიზარდა სახელმწიფო ვალის ხვედრითი წილი მშპ-სთან მიმართებაში და 2013 წლის 34.7%-დან 2015 წელს 43.1% შეადგინა;
• საყურადღებოა ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ვალის პროცენტული შეფარდება შესაბამისი წლის მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებთან და 2013 წლის 125%-დან 2015 წლისთვის მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების 152% შეადგინა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალი ქვეყნის ექსპორტთან მიმართებაში, რომელმაც 2013 წლის 144%-დან 2015 წელს 202% შეადგინა.
• მშპ-ს მიმართ სახელმწიფო ვალის ზრდა სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკებს შეიცავს და მას მადესტაბილიზებელი როლის შესრულება შეუძლია, რის გამოც ხელისუფლებამ ეს ტენდენცია აუცილებლად უნდა შეაჩეროს.

2.1.4. ბიუჯეტის მიმდინარე დეფიციტი (საოპერაციო სალდო)

• საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე საოპერაციო დეფიციტი (საოპერაციო სალდო) ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2013 წელს შეადგინა 0.9 მლრდ ლარი, რაც 2015 წელს 1.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, მთავრობის საშუალოვადიანი პროგნოზების მიხედვით მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის ეტაპობრივი ზრდა, რაც 2019 წლისთვის სავარაუდოდ – 2.1 მლრდ ლარს მიაღწევს, ანუ 6 წელიწადში გაიზრდება დაახლოებით 2.2-ჯერ მაშინ, როდესაც საანგარიშო პერიოდში მშპ-ს ზრდა ნავარაუდევია მხოლოდ 1.7-ჯერ.
_ აღნიშნული დინამიკა ეტაპობრივად გაზრდის მშპ-ს მიმართ ბიუჯეტის მიმდინარე საოპერაციო დეფიციტის ხვედრით წილს, რაც თანდათანობით გამოიწვევს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაუარესებას, რის გამოც მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

2.1.5. სახელმწიფო საწარმოების მოგების რაციონალური გამოყენება

_ როგორც მონაცემების ანალიზით ირკვევა, სახელმწიფო საწარმოების მოგება ყოველწლიურად 300 მლნ ლარს აჭარბებს. აღნიშნული თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად ყოველწლიურად მიიმართება საპარტნიორო ფონდის ანგარიშზე.
_ აღნიშნული სახსრები საპარტნიორო ფონდის მიერ იხარჯება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი გეგმის დამტკიცების გარეშე, რაც ამ ნაწილში საფინანსო დისციპლინის და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმების უკიდურეს შესუსტებაზე მიუთითებს. კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ბიუჯეტგარეშე ფონდების მეშვეობით.

2.1.6. ხელისუფლების დეკლარირებული და ფაქტიური საბიუჯეტო პრიორიტეტების შეუსაბამობა

• არსებული საბიუჯეტო კანონმდებლობით განსაზღვრული ხარჯების სტრუქტურა არ შეესაბამება ხელისუფლების დეკლარირებულ პრიორიტეტებს და არ პასუხობს ქვეყნის რეალურ საჭიროებებს. სახელმწიფო აპარატის შენახვაზე, არაეფექტიან და არაპრიორიტეტულ ღონისძიებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები მიიმართება, რის გამოც ბიუჯეტის ეფექტიანობა დაბალია. აღნიშნული მდგომარეობა მოითხოვს საბიუჯეტო პროცესის კარდინალურ რეფორმირებას როგორც საბიუჯეტო პრიორიტეტების, ასევე – ინსტიტუციონალური ცვლილებების კუთხით.

2.1.7. დასაქმება, უმუშევრობა და შემოსავლების ფორმირება

• ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2015 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3.7 მლნ ადამიანს. აქედან, სამუშაო ძალა შეადგენს 2 მლნ-მდე ადამიანს, საიდანაც, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დასაქმებულია 1.7 მლნ ადამიანი. დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1 მლნ-მდე ადამიანი წარმოადგენს ე.წ. თვითდასაქმებულებს, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად დასაქმებულად არ შეიძლება ჩაითვალონ. აღნიშნული კატეგორიის გამოკლებით ეკონომიკის ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 750 ათასამდე ადამიანს, საიდანაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 275 ათასი ადამიანი, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულია 475 ათასი ადამიანი, რაც სამუშაო ძალის 23% და მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 13% შეადგენს.
_ ამდენად, საქართველოში კერძო ბიზნესის ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე თითქმის 7-ჯერ ნაკლებია.
_ ამიტომაცაა, რომ ეკონომიკა განვითარებას ვერ ახერხებს, ხოლო დასაქმების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ვითარებას დეფორმირებულად წარმოაჩენს.
_ დასაქმების სტრუქტურაში არსებული მდგომარეობის პარალელურად, საყურადღებოა მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურაში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, ეროვნული შემოსავლის საშუალო ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე, რამაც 2015 წელს შეადგინა თვეში 700 ლარამდე, ფაქტობრივ მდგომარეობას არასრულყოფილად წარმოაჩენს, ვინაიდან თუ ეროვნულ შემოსავალს ცალ-ცალკე გადავთვლით მსხვილი ბიზნესისა და ეკონომიკის დანარჩენი სექტორისათვის, დავინახავთ, რომ მსხვილ ბიზნესში და სახელმწიფო მმართველობაში ერთად ეროვნული შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით იქნება თვეში დაახლოებით 3700 ლარი (მოსახლეობის დაახლოებით 15%), ხოლო მოსახლეობის დანარჩენ ნაწილზე საშუალო ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე თვეში შეადგენს მხოლოდ 400-მდე ლარს (მოსახლეობის 85%).
_ ამდენად, ეროვნული შემოსავლის საშუალო ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე, რომლითაც საქართველო საშუალო ევროპულ მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ ჩამორჩება, სინამდვილეში მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის ბევრად უფრო ნაკლებია, ვინაიდან ეროვნული შემოსავლის გადანაწილების სტრუქტურა უკიდურესად არათანაბარია.

2.1.8. ეკონომიკის რეალურ სექტორში მიმდინარე პროცესები და ზოგადი მაკროეკონომიკური ფონი

• საქართველოში მშპ-ს დაახლოებით 80% წარმოიქმნება მსხვილ ბიზნესში, რაც ეკონომიკის უკიდურეს პოლარიზაციასა და შიდა ბაზრის მონოპოლიურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
_ ფინანსურ რესურსებზე ძალიან დაბალი ხელმისაწვდომობის გამო ბაზარზე მცირე საწარმოების შეღწევა და დამკვიდრება უკიდურესად გართულებულია. ეკონომიკის მსხვილი სუბიექტები, მონოპოლიური მდგომარეობის გამო, გარანტირებული შემოსავლების ისედაც მზარდი დინამიკის პირობებში, ახდენენ მოგების მხოლოდ მცირე ნაწილის რეინვესტირებას საწარმოო კაპიტალში.
_ შესაბამისად, გარდა ცალკეული კერძო შემთხვევებისა, არ ხდება წარმოების გაფართოება და საწარმოო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
• ამ ფონზე, დანარჩენ მსოფლიოში მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა მცირდება. აღნიშნული პროცესი შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს საგადასახდელო ბალანსის უარყოფითი სალდოს კიდევ უფრო გაუარესებისა.
_ საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წელიწადში 1.4 მლრდ-მდე აშშ დოლარს შეადგენს (მშპ-ს 10%) და, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოეს წლებში მისი მნიშვნელოვანი შემცირება მოსალოდნელი არ არის. საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გამო ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად მშპ-ს დაახლოებით 10%-ს კარგავს, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 4-6%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესამჩნევ გაუმჯობესებაზე მთავრობის მიერ გაკეთებული პროგნოზი რეალურ საფუძველს მოკლებულია.
_ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ის ინდიკატორები, რომელთა სტაბილურობის მიღწევაზე ხელისუფლება აპელირებს, საქართველოში ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის რეალურად გაზრდას ვერ მოახდენს, სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოში სტაბილურად დააჩქარებს ეკონომიკის კიდევ უფრო პოლარიზაციას, ვინაიდან ხელსაყრელ მაკროეკონომიკურ გარემოს ქმნის მხოლოდ არსებული მსხვილი საწარმოების პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად, რაც ეროვნული შემოსავლის გადანაწილების არსებულ სტრუქტურას კიდევ უფრო გააუარესებს.
_ საყურადღებოა ისიც, რომ საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავლები ყოველწლიურად დაახლოებით მშპ-ს 5%-ს შეადგენს, რაც მშპ-ს 3-5%-იანი ზრდის პირობებში ეკონომიკის დანარჩენი სექტორის მიერ მნიშვნელოვანი დანაზოგების გაკეთებისა და ინვესტიციების განხორციელების საშუალებას არ იძლევა.
_ დაბალი ინვესტიციები კი შეუძლებელს ხდის საწარმოო სექტორში ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
_ ამის შედეგად, საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძირითადი კაპიტალის მოხმარება (ფიზიკური და მორალური ცვეთა) რამდენჯერმე აღემატება საწარმოო კაპიტალში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებს, რაც ამცირებს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და გრძელვადიანი ზრდის პოტენციალს.
• ქვეყანაში არსებულ ვითარებას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ჩამოყალიბებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა შეიცავს სტაგფლაციის ნიშნებს. კერძოდ, ბაზარზე არსებული სუსტი კონკურენტული გარემოს პირობებში ფასები შემცირების მიმართულებით არაელასტიურია და რეალური ეკონომიკური ზრდის თითქმის შეჩერების ფონზე ძირითად სამომხმარებლო საქონელზე ფასები მუდმივად იზრდება.
_ ის გარემოება, რომ სტაგფლაციური მდგომარეობის პირობებში ანტიინფლაციური ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა ფასების საერთო დონის რეგულირების ნაცვლად პირდაპირ კორელაციაშია რეალური ეკონომიკური ზრდის პარამეტრებთან, ხელისუფლების მაკროეკონომიკური ანტიინფლაციური პოლიტიკის ინსტრუმენტებს ქმედუუნაროს ხდის და კრიზისული ვითარების შემთხვევაში სერიოზულ რისკებს შეიცავს. აღნიშნული პრობლემა აქტიური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებისა და ბაზარზე კონკურენციის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე ვერ მოგვარდება.
• თუ ზემოაღნიშნულს დავუმატებთ იმ სირთულეებს, რაც არსებობს განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ურბანული განვითარების, ინფრასტრუქტურის თუ სხვა სფეროებში, პრობლემებისა და გადასაჭრელი ამოცანების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხოლო თუ ამ თემებს განვიხილავთ ტერიტორიულ ჭრილში, დავინახავთ, რომ ცალკეულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა ისედაც არასახარბიელო საერთო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
• „ეროვნულ ფორუმს“ მიაჩნია, რომ ქვეყანა რადიკალური რეფორმების განხორციელების გარეშე ვერ განვითარდება, „გაიჭედება“ მუდმივი სტაგნაციის მდგომარეობაში და ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპებით კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვერ დაძლევს სიღარიბეს, ვერ გადაჭრის მთელ რიგ სოციალურ პრობლემებს, რადგანაც მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისა და საზოგადოების მზარდი განვითარების ეპოქაში დანარჩენი სამყარო ძალზე სწრაფი ტემპებით იცვლება.
• არსებული პრობლემების სიღრმე და მასშტაბები მოითხოვს რეფორმების მოკლე ვადებში, მაღალპროფესიული კადრებით განხორციელებას, ეკონომიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ძირეული სტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვას, ამიტომ არასწორად მიგვაჩნია მოსაზრება, თითქოს ასეთი მასშტაბის რეფორმების წარმატება შესაძლებელია მიღწეული იქნას მხოლოდ საკვანძო თანამდებობებზე კარგი მენეჯერების დანიშვნით. სხვადსხვა სფეროში თანამედროვეობის შესაფერისი, სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმა შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს მხოლოდ მაღალი კომპეტენციის მქონე კადრებით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, საერთაშორისო გამოცდილების ღრმა ცოდნით და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარით.
2.2. პროგრამული შეთავაზება ეკონომიკური სისტემის რეფორმასა და ინსტიტუციურ ცვლილებებთან მიმართებაში

2.2.1. სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება და დეცენტრალიზაციის ღონისძიებები

• ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია:
უნდა მოხდეს სახელმწიფოს პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ნამდვილი დეცენტრალიზაცია. მუნიციპალიტეტებს კანონით მკაფიოდ უნდა განესაზღვროთ საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების საკმარისი ბაზა, რათა მათ რეალურად შეძლონ თვითმმართველობის განხორციელება. უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების სრული ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტებზე, მათი ფუნქციების გათვალისწინებით, ცენტრალური ხელისუფლებიდან შესაბამისი ქონების გადაცემა;
• ცენტრალური ხელისუფლების დონეზე სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაცია:
დამოუკიდებელი თვითმმართველობების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსების დეცენტრალიზაციის პარალელურად ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უნდა მოხდეს საფინანსო დისციპლინის გამკაცრება და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში დარჩენილი ყველა სხვა ფინანსური რესურსი კონსოლიდირებულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.
• სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაცია და არაეფექტური ხარჯების შემცირება:
მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატის შენახვაზე გაწეული ხარჯების მოცულობა. საქართველოში მეტისმეტად ძვირი და არაეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის დრო უნდა დამთავრდეს. ამ მიზნით:
_ მომდევნო 4 წელიწადში უარი უნდა ითქვას სახელმწიფო მოხელეებისთვის ახალი ავტომობილების შეძენაზე. უკიდურესი საჭიროებისას, ახალი ავტომობილები შეძენილი უნდა იქნას მხოლოდ არსებული ავტომობილების გაყიდვის გზით;
_ უარი უნდა ითქვას სახელმწიფო მოხელეებისათვის პერსონალური ავტომობილებით მომსახურების საბჭოურ პრაქტიკაზე, როდესაც გარდა უმაღლესი თანამდებობის პირებისა, პერსონალური ავტომობილები ემსახურებათ საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს და გადავიდეთ ევროპულ პრაქტიკაზე – მომსახურება საჭიროების მიხედვით – მორიგე ავტომობილებით;
_ საქართველოს მთავრობამ უნდა იცხოვროს ისე – როგორც შეეფერება ღარიბი ქვეყნის მთავრობას. კერძოდ: უნდა აიკრძალოს სახელმწიფო მოხელეებისათვის ძვირადღირებული ავეჯის, მობილური ტელეფონების და ა.შ. შეძენა; მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სახელმწიფო დაწესებულებათა რემონტის ხარჯები, მოხდეს საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტირება;
_ სრულად დაინერგოს „ელექტრონული მთავრობის“ სისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საკანცელარიო და კომუნალურ დანახარჯებს და ა.შ.;
_ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები არ უნდა ცდილობდნენ მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურებში არსებული კომფორტული გარემოს იდენტური ოფისების მოწყობას, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ამის არანაირ შესაძლებლობას არ გვაძლევს. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ეფექტიანი ფუნქციონირება არსებული სამუშაო გარემოს პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძვირი სახელმწიფო მმართველობა ეკონომიკას განვითარების საშუალებას არ მისცემს.
• სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მოწესრიგება:
სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რაციონალური და ეფექტური ორგანიზაცია ჯერ კიდევ რჩება ხელისუფლების მუშაობის სუსტ რგოლად. ამ მიმართულებით პოლიტიკურ გაერთიანება ეროვნულ ფორუმს საჭიროდ მიაჩნია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
_ ხელისუფლების ყველა დონეზე და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპერატიულობა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ კეთილსინდისიერი მეწარმეების გამოვლენა, რომლებიც ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
_ სახელმწიფომ მკაცრად უნდა აწარმოოს ასეთი მეწარმეების რეესტრი და მომდევნო შესყიდვების განხორციელებისას მათ კანონის საფუძველზე უნდა მიენიჭოთ შესაბამისი უპირატესობა. ასევე, სახელმწიფომ მკაცრად უნდა აწარმოოს იმ მეწარმეთა რეესტრი, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს სისტემატიურად არღვევენ. ასეთ კომპანიებს მომდევნო შესყიდვებში მონაწილეობა, ნაწილობრივ, უნდა შეეზღუდოთ;
_ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, განსაკუთრებით – საერთაშორისო ტენდერების პროცესში, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, რომ სამუშაოების წარმოებაში ჩართული პერსონალის არანაკლებ 90 პროცენტი, სამუშაოთა ორგანიზაციის თითოეულ საფეხურზე დასაქმებული უნდა იქნან საქართველოს მოქალაქეები;
• ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო შესყიდვებში უპირატესობა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას უნდა მიენიჭოს.
• დაზარალებული მოქალაქეების წინაშე სახელმწიფოს რეპუტაციის აღდგენა:
_ სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა აღიაროს, რომ 2003-2012 წლებში ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ქონებრივი უფლებების სისტემურ დარღვევას;
_ საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი ქონებრივი უფლებების დარღვევაზე მოქალაქეების საჩივრები. უნდა მოხდეს მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის და ჩამორთმეული ქონების ინვენტარიზაცია და შემუშავებული იქნას მისი დაბრუნების ან კომპენსირების გეგმა და გრაფიკი;
_ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებისათვის ჩამორთმეული ქონება, რომელიც ამ დროისათვის ჯერ კიდევ სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება, მათ დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეთ;
_ რაც შეეხება მოქალაქეებისათვის იძულების წესით ჩამორთმეულ და სხვაზე გადაცემულ ქონებას, მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში სახელმწიფომ მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს ჩამორთმეული ქონების ექვივალენტური სხვა აქტივი, რაც მოახდენს მათზე მიყენებული ზარალის კომპენსირებას.
ამ ღონისძიებებით სახელმწიფო მოახდენს საკუთარი მოქალაქეებისათვის უკანონოდ და იძულებით ჩამორთმეული ქონების კომპენსაციას, რაც ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური ნორმების აღიარებისა და პრაქტიკაში მისი გამოყენებისთვის მზაობის რეალური დასტური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება მოქალაქეების წინაშე სახელმწიფოს შერყეული რეპუტაციის აღდგენა და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, რის გარეშეც სახელმწიფოს პოლიტიკა მოქალაქეების ფართო მხარდაჭერას ვერ მიიღებს. მოქალაქეებში სამართლიანობის განცდის არარსებობა კი ხელისუფლების მიერ ქვეყნისათვის აუცილებელი ნებისმიერი რეფორმის განხორციელებას სერიოზულ დაბრკოლებად დახვდება.

2.2.2. პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დანერგვა – როგორც საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაციის ძირითადი საფუძველი

• საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაციის არსებული მეთოდოლოგია არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ქვეყნის საბიუჯეტო კანონს საფუძვლად არ უდევს სფეროების მიხედვით პარლამენტის მიერ კანონით დამტკიცებული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები, რაც არ იძლევა თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას;
• უმოკლეს დროში მიღებული უნდა იქნას შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რეალურად უნდა დაინერგოს პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, რაც უნდა გახდეს საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაციის ძირითადი საფუძველი.
• პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის სრულად დანერგვისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
 ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად განისაზღვროს სფეროების მიხედვით მისაღწევი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნები და შემუშავებული იქნას ამ მიზნების მიღწევისათვის გასატარებელი ღონისძიებების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი სტრატეგია;
 შემუშავებული სტრატეგიის საფუძველზე უნდა მომზადდეს შედეგებზე ორიენტირებული სპეციალური მიზნობრივი პროგრამები და პროგრამების შედეგების შეფასების მკაფიო და ნათელი ინდიკატორები, რაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გაწეულ დანახარჯებსა და მიღწეულ შედეგებს შორის კავშირს და მოგვცემს მიღწეული შედეგების რაოდენობრივი შეფასების საშუალებას;
 თითოეული სფეროს მიხედვით შემუშავებული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები და პროგრამების შეფასების ინდიკატორები კანონის სახით უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ;
 ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა უნდა მოხდეს მხოლოდ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე;
 ბიუჯეტის აღსრულებისათვის მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს კანონით დამტკიცებული პროგრამებით, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყოველწლიურად შესასრულებელი სამუშაოები და გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ის შედეგები, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული საანგარიშო წლის განმავლობაში.
 პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგია მოითხოვს სახელმწიფო მმართველობის სისტემის შესაბამის რეფორმას. საქართველოში არსებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა მთლიანად მორგებულია დანახარჯებზე კონტროლის მეთოდოლოგიით შედგენილი ბიუჯეტის აღსრულებაზე და საბჭოური მოდელით ვერტიკალური მმართველობის სისტემის სახესხვაობას წარმოადგენს, რომლის პირობებშიც პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიით განსაზღვრული მიდგომების რეალიზაცია შეუძლებელია.
 ამდენად, პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს მმართველობითი სისტემის ძირეული რეფორმა. ვერტიკალური მმართველობითი სტრუქტურა უნდა შეიცვალოს პროგრამების რეალიზაციაზე და შედეგებზე ორიენტირებული მმართველობის სტრუქტურით, რომლის პირობებშიც სისტემის ცენტრალური რგოლი იქნება პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი. პროგრამის შესრულების პროცესში ძირითადი ორიენტირი იქნება პროგრამით დადგენილი შედეგების მიღწევა და არა დამტკიცებული ასიგნებების ათვისება.
ამდენად, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება და კონტროლი უნდა მოხდეს პროგრამული მიზნების შესრულების მდგომარეობის ჭრილში. ხოლო საანგარიშო პერიოდში მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების მთავარი ინდიკატორი უნდა გახდეს საანგარიშო წელს დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების გატარების მდგომარეობა. ხოლო, ვინაიდან პროგრამების დამტკიცების დროს კანონით განსაზღვრული იქნება შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების აღწერა და გრაფიკი, საზოგადოებას და მაკონტროლებელ ორგანოებს მიეცემათ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების საშუალება.
• მოსალოდნელი შედეგები:
_ პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის რეალურად დანერგვა შეამცირებს არარაციონალურ, არაეფექტიან საბიუჯეტო ხარჯებს, გააუმჯობესებს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობებს, თვალსაჩინოს და გამჭვირვალეს გახდის ხელისუფლების მოქმედებების გეგმას და შესაბამისი აღმასრულებელი პირების პასუხისმგებლობებს, რაც ხელისუფლების საქმიანობას გახდის უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებულს.
2.2.3. დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკა – რეგიონებში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის

 კრიტიკული ანალიზი და პრობლემები
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური პროცესები არათანაბრად ვითარდება. სახელისუფლო ფინანსური რესურსები, უმთავრესად, ქ. თბილისისა და სხვა ურბანული ცენტრების განვითარებისათვის, ხოლო რეგიონებსა და, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებს, სათანადო ყურადღება არ ექცევა. ხანგრძლივი უყურადღებობის გამო რეგიონების დიდ ნაწილში ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი მთლიანად მოიშალა, რამაც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. მოხდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაცია საქართველოს სხვა, შედარებით უფრო მეტად განვითარებულ ურბანულ ცენტრებში და უცხოეთში. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თავი მოიყარა ქ. თბილისში, ხოლო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა უკიდურესად შემცირდა.
ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციის შედეგად ჩამოყალიბებული მოსახლეობის განსახლების არსებული სტრუქტურა, შესაძლოა, ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისათვის სერიოზული ბარიერი გახდეს. ხოლო რეგიონების განვითარების დონეებს შორის არსებული დისპროპორციის დროული მოუგვარებლობა შეიძლება საქართველოს ზოგიერთი ისტორიული და ძირძველი კუთხის ქართული მოსახლეობისაგან საერთოდ დაცლის მიზეზადაც იქცეს, რაც ქვეყნისათვის აუნაზღაურებელი დანაკარგი იქნება.

 პროგრამული შეთავაზება: უნდა მოხდეს რეგიონული პრინციპით დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის შემოღება
საგადასახადო სისტემის რეგიონული პრინციპით დიფერენცირების შემთხვევაში რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ შედარებით უფრო ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმის პირობებში, რაც ნაწილობრივ მაინც შეამცირებს რესურსებზე და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის კუთხით პერიფერიებსა და ურბანულ ცენტრებს შორის არსებულ შეუსაბამობებს, გამოაცოცხლებს რეგიონების ეკონომიკურ აქტივობას და გააუმჯობესებს ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობებს, რაც ეკონომიკის უმეტესი ნაწილის თბილისში კონცენტრაციის არსებული ტენდენციის უკუპროცესის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს.

2.2.4. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება – საქართველოს მოსახლეობის დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი

 კრიტიკული ანალიზი და პრობლემა
ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ყოველწლიურად მცირდება მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი და დღეის მდგომარეობით მშპ-ს 20%-ს არ აღემატება, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის 80%-ზე მეტი მსხვილ კომპანიებზე მოდის. ამასთან, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო ტენდენციას. ამჟამად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და მას ევროკავშირის ქვეყნებში მშპ-ს 50-70 % უკავია, ხოლო მისი წილი დასაქმებაში ქვეყნების მიხედვით 60-80%-ს შეადგენს. ამდენად, ერთის მხრივ – ხელისუფლების დეკლარირებული მიზნები და მეორეს მხრივ – ეკონომიკაში მიმდინარე რეალური პროცესები კარდინალურად ურთიერთსაპირისპიროა. ეკონომიკის ასეთი სტრუქტურა ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ევროპული განვითარების ტენდენციებს, იწვევს ეკონომიკის მონოპოლიზაციას, აღარიბებს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ხელს უშლის საზოგადოებაში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

 პროგრამული შეთავაზება:
მსხვილი ბიზნესის ინტერესების შელახვის გარეშე აქტიურად უნდა განხორციელდეს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის პოლიტიკა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალური თემა უნდა გახდეს, რათა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნას ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებული იქნა ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა კომპლექსური პროგრამა. მათ შორის:
1. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა – „ერთი შანსი“:
ვინაიდან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია ფინანსურ რესურსებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, ხოლო საკრედიტო ბაზარი ვერ უზრუნველყოფს ახალი ბიზნესებისათვის დაბალპროცენტიან გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე საკმარის ხელმისაწვდომობას, საკონსულტაციო მომსახურებების პარალელურად, ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურად უნდა წაახალისოს საწყისი საგრანტო ან გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი ფინანსური რესურსების მიწოდების გზით. ამ მიზნით შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებს:
– საკონკურსო წესით, წელიწადში საშუალოდ 5000 მოქალაქეზე, 20000-დან 150000 ლარამდე გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტის გაცემას, სამიდან ხუთ წლამდე საშეღავათო პერიოდით;
– საქმიანობის დაწყებიდან პირველი და მეორე წლის გასვლის შემდეგ, სპეციალური მეთოდოლოგიით ყოველწლიურად შერჩეული საუკეთესო შედეგების მქონე 1,000 ბენეფიციარზე 10000-დან 15000 ლარამდე ღირებულების პროფილური სპეციალური ტექნიკის გადაცემას გრანტის სახით.
2. მეწარმეთათვის ინსტიტუციური და საკონსულტაციო მხარდაჭერის პროგრამა:
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებათა ეფექტური კოორდინაციის მიზნით ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული სტრუქტურების ბაზაზე უნდა შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომლის ეგიდით ყველა რეგიონულ ცენტრში დაფუძნდება მეწარმეთა მომსახურების ცენტრები, სადაც დაინტერესებულ პირებს დახმარება გაეწევათ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით (ამომწურავი ინფორმაციის მიღება სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეებისათვის შეთავაზებული მომსახურებების შესახებ; განაცხადების დარეგისტრირება ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში; კონსულტაციები, საგადასახადო კანონმდებლობის, აქტუალური ნორმატიული აქტების, რეგულაციების, იურიდიული და სხვა საკითხების ირგვლივ). მომსახურების რეგიონულ ცენტრში იმუშავებს სხვადასხვა პროფილური სექცია (სოფლის მეურნეობის, კვების პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის, ტექნიკით მომსახურების და ა.შ.), სადაც იქნება შესაბამისი პროფილის კვალიფიცირებული სპეციალისტი.
აქვე მოხდება მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებში ჩართული მეწარმეების აღრიცხვა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, დადგენილი ინდიკატორების მიხედვით შედეგების შეფასება და ა.შ. მეწარმეებს, გარდა მეწარმეთა მომსახურების რეგიონული ცენტრისა, არც ერთ საკითხზე არ მოუწევთ არც ერთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მისვლა. მეწარმეთა მომსახურების რეგიონული ცენტრები მათ ადგილზე გადაუწყვეტენ ყველა საკითხს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამების შესაბამისად. ამდენად, მეწარმეთა მომსახურების რეგიონული ცენტრი იქნება მეწარმის ერთადერთი და ამომწურავი კონტაქტი სახელმწიფოსთან.

2.2.5. კონკურენციის ხელშეწყობა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკა

 კრიტიკული ანალიზი და პრობლემები
მონოპოლიების არსებობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნეგატიური ნიშანია. ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის გამოვლენა და მონოპოლიების მიმართ აქტიური მარეგულირებელი ღონისძიებების გატარება თანამედროვე განვითარებულ სახელმწიფოებში ეკონომიკის რეგულირების პოლიტიკის კუთხით ხელისუფლებების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ასევე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების რეალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობაა.

 პროგრამული შეთავაზება:
„ეროვნულ ფორუმს“ მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისა და მდგრადი მაკროეკონომიკური გარემოს ფორმირებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა. ეკონომიკის მონოპოლიზაციის ხარისხის შესამცირებლად აუცილებელია მონოპოლიური საწარმოების საქმიანობა რეალურად დაექვემდებაროს სახელმწიფო ზედამხედველობას და მაქსიმალურად გამოირიცხოს მათი მხრიდან დომინანტური მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა, რისთვისაც საჭიროდ ვთვლით შესაბამისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ღონისძიებების გატარებას. მათ შორის:
_ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ფინანსური რესურსების ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით საბანკო-საფინანსო დაწესებულებებს უნდა შეეზღუდოთ არაპროფილური საქმიანობის წარმოების უფლება;
_ კომერციულ ბანკებს უნდა ჩამოერთვათ საფონდო ბირჟაზე კონტროლის მექანიზმი და სახელმწიფომ ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს საბანკო სისტემისაგან დამოუკიდებელი საფონდო ბაზრის განვითარებისათვის;
_ კანონით მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ფარმაცევტული, სამკურნალო და სადაზღვევო საქმიანობა და ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კანონით აიკრძალოს ერთი პირის ან კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული საქმიანობის სამი მიმართულებიდან ერთდროულად ერთზე მეტი საქმიანობის წარმართვა;
_ ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავდეს საქონლისა და მომსახურების ხარისხის შეფასების სტანდარტები და მკაცრი კონტროლი დაწესდეს მის აღსრულებაზე;
_ ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მიყენებული ზიანის შეფასებისა და ზარალის ანაზღაურების მოქნილი სისტემა;
_ მოკლე ვადებში უნდა მოხერხდეს კონკურენციის კანონის დახვეწა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობებთან მისი მისადაგება. უნდა შემუშავდეს მონოპოლიების გამოვლენისა და მონოპოლიური მდგომარეობით მიყენებული ზიანის დადგენის უფრო ზუსტი მეთოდოლოგია;
_ უნდა მოხდეს ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის რეალური გარდაქმნა – უწყების ეფექტიანობის თვისობრივად ამაღლება, მისთვის ფუნქციების, უფლება-მოვალეობების, კადრების კვალიფიკაციისა და საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდის გზით.

2.2.6. საფონდო და სასაქონლო ბირჟების შექმნა

 საკითხის აქტუალურობა
თანამედროვე კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, რაშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი საფონდო და სასაქონლო ბირჟას უკავია. ეფექტური საფონდო და სასაქონლო ბირჟების გარეშე რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. საფონდო ბაზრის განვითარება დააჩქარებს კომპანიების ინსტიტუციური სრულყოფის პროცესს და გააუმჯობესებს მათი ფუნქციონირების ხარისხს. ასევე, საფონდო ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას.
 პროგრამული შეთავაზება:
მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და შეიქმნას დამოუკიდებელი საფონდო და სასაქონლო ბირჟა.
იმის გათვალისწინებით, რომ საფონდო და სასაქონლო ბირჟების ეფექტური ფუნქციონირებისათვის მხოლოდ საქართველოს ბაზარი საკმაოდ მცირეა, ხოლო ამიერკავკასიის სხვა ქვეყანაში ანალოგიური ბირჟები ეფექტურად არ ფუნქციონირებენ, შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს საფონდო და სასაქონლო ბირჟამ შეასრულოს ამიერკავკასიის საფონდო და სასაქონლო ბირჟის ფუნქცია. ამიერკავკასიის საფონდო და სასაქონლო ბირჟის განთავსებისათვის შესაძლებლად მიგვაჩნია ქ. ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის გამოყენება.

2.2.7. ფულად – საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკა

 ვითარების კრიტიკული ანალიზი და პრობლემები
ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია. საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ეროვნული ვალუტის დევალვაციამ მიმდინარე ინფლაციური პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. ინფლაციური პროცესების გამომწვევი მიზეზებიდან განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგ ფაქტორებზე:
• ობიექტური მიზეზები: ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი; პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება; უცხოეთიდან ინდივიდუალური ფულადი გზავნილების შემცირება; მსხვილი კომპანიების მიერ, რეინვესტირების ნაცვლად, ქვეყნიდან მოგების ინტენსიური გატანა; სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი; სახელმწიფო ვალის ზრდა; ფაქტორული შემოსავლების კლება; სავალუტო ბირჟის დახურული ხასიათი; ე.წ. „დოლარიზაციის“ მაღალი კოეფიციენტი; არაკონკურენტული საბაზრო გარემო (რამაც ინფლაციურ პროცესებს სტაგფლაციის ხასიათი შესძინა); საჭირო ანალიტიკური ინფორმაციებისა და ეკონომიკური განათლების დეფიციტი და სხვა;
• სუბიექტური მიზეზები: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა ვერ აკმაყოფილებდა პროფესიონალურ სტანდარტებს, იყო გაუმჭვირვალე და პოლიტიკური მოსაზრებებით მოტივირებული. 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის ნახტომისებური დევალვაცია გამოწვეული იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით, რომლის დაშვება და მასზე არასათანადო რეაგირება ხელისუფლების სტრატეგიული შეცდომა იყო. აღნიშნულმა პროცესმა საზოგადოებაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეასუსტა, რაც ხელისუფლების მიერ ეფექტიანი ანტიინფლაციური პოლიტიკის რეალიზებისათვის სერიოზული დაბრკოლებაა.

 პროგრამული შეთავაზებები და პრობლემების გადაჭრის გზები
ინფლაციის შემცირების გზები – უპირველესად თვით ეკონომიკის გაჯანსაღებაში მდგომარეობს. ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის წარმოებაში დაცულ იქნას შემდეგი ძირითადი პრინციპები:
 ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებების ანტიინფლაციური პოლიტიკის ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა;
 ანტიინფლაციური ფისკალური ღონისძიებების გატარება. მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სათანადოდ რეგულირება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და სახელმწიფო ვალის მოცულობის მიზნობრივი პარამეტრის დაცვა;
 ინფლაციის სტაგფლაციური ხასიათის აღმოსაფხვრელად ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და აქტიური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება;
 მიზნობრივი დიაპაზონის ფარგლებში ლარის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის გატარება;
 სავალუტო ბირჟის გამჭირვალობის უზრუნველყოფა და სავალუტო ბირჟაზე სხვა ეკონომიკური სუბიექტების დაშვება;
 ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება და ლარის, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი საშუალების პოზიციების გამყარება;
 საპროცენტო განაკვეთის რეალური ოდენობისა და სესხის პირობების შესახებ მსესხებლის კეთილსინდისიერად ინფორმირების უზრუნველსაყოფად სესხების გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი სავალდებულო ინფორმაციების და მასთან დაკავშირებული საპროცედურო საკითხების ერთიან სტანდარტებში მოქცევა;
 მიკროსაფინანსო და სხვა არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება;
 ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა;
 ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარებისას მთავრობისა და ეროვნული ბანკის ღონისძიებების სათანადო კოორდინაცია;
 და რაც მთავარია, კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესაძლებლობა.

2.2.8. საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები

 ვითარების ანალიზი და პროგრამული შეთავაზება:
საქართველოს საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნის ეკონომიკური პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქვეყანა ვერ იყენებს საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ შესაძლებლობებს და პროცესის მხოლოდ პასიური მონაწილის როლით შემოიფარგლება. საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:
 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდო 5-5,7 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც მშპ-ს თითქმის 40%-ია. მათ შორის, იმპორტი თითქმის 3-3.5-ჯერ აჭარბებს ექსპორტს. ასეთ პირობებში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ შეინარჩუნოს სტაბილური ზრდის პოტენციალი, ვინაიდან ამ მასშტაბის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი სერიოზულ მაკროეკონომიკურ მადესტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს;
 საგარეო სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებისა და საგარეო სავაჭრო ბალანსის საგანგაშოდ მაღალი დეფიციტის შესამცირებლად ხელისუფლების პოლიტიკა აქცენტირებული უნდა იქნას როგორც საექსპორტო პოტენციალის მქონე მიმართულებების განვითარების, ასევე – იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების პოტენციალის მქონე მიმართულებების აქტიური მხარდაჭერის ღონისძიებებზე;
 ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად მიგვაჩნია საექსპორტო პროდუქციის ხარისხის სტანდარტების შემოღება, რომლის კონტროლი სახელმწიფომ მკაცრად უნდა აწარმოოს;
 ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს. საქართველომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშესახები შედეგების მისაღებად ხელისუფლებამ ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს საქონლის თითოეულ ექსპორტიორთან, დარწმუნდეს მათი პროდუქციის ხარისხში, დაეხმაროს მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში, გაუადვილოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, დაეხმაროს ევროკავშირის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული სამუშაოების ორგანიზებასა და დაფინანსებაში. თითოეულ ექსპორტიორთან ინდივიდუალური მუშაობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი რეგულაციების დაწესებით, ქართულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე სათანადო რეპუტაციის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მიგვაჩნია, რომ ევროპის ბაზარზე მყარად დამკვიდრების გარეშე ქართული საექსპორტო პოტენციალი სწრაფად ვერ განვითარდება, ვინაიდან კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად წარმოების ყველა საფეხურზე მაღალი სტანდარტების მიღწევას სხვაგვარად ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდება;
 საქართველომ აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები უნდა აწარმოოს მის რეგიონულ პარტნიორებთან. აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული ზოგიერთი ქართული პროდუქციის რეალიზაციის ტრადიციული ბაზრები, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა საკმაოდ მაღალია და მნიშვნელოვან მარკეტინგულ დანახარჯებს არ საჭიროებს;
 ხელისუფლებამ უცხოელ პარტნიორებთან აქტიურად უნდა იმუშაოს ქართულ ეკონომიკაში ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმებაზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების წასახალისებლად. ამ მიმართულებით პრიორიტეტულად მიგვაჩნია ერთობლივი საწარმოების შექმნის წახალისება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებლად მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.

2.2.9. სახელმწიფო პოლიტიკა საინოვაციო ტექნოლოგიების სფეროში
 საკითხის აქტულურობა
• ქვეყნის მომავალი ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე აქცენტირება წარმოადგენს. საინოვაციო პოლიტიკა უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციების დარგში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მიზნებს, მიმართულებებს და მეთოდებს. ყოველივე აღნიშნული ბევრად არის დამოკიდებული განათლების სისტემის გამართულობაზე, მის ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო და კვლევით პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობების განვითარებაზე.
• სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის და კვლევათა სისტემის არასწორი რეფორმის შედეგად, საქართველოს საინოვაციო პოტენციალი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გახდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014–2015 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით ინოვაციების თვალსაზრისით საქართველო 144 ქვეყნიდან 121–ე ადგილზე იმყოფება.

 პროგრამული შეთავაზება:
• მთავრობის, აკადემიური წრეების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით უნდა შეიქმნას საქართველოს საინოვაციო გრძელვადიანი სტრატეგია და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა დამტკიცდეს კანონით;
• შეიქმნას უწყებათაშორისი საინოვაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ დაინტერესებული სამინისტროებისა და სააგენტოების, მეწარმეთა და მეცნიერთა გაერთიანებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს იმ ღონისძიებების გეგმა, რომლებიც ეხება ინოვაციურ განვითარებას განათლების, მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში;
• თვისებრივად უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში საინოვაციო საქმიანობის აღრიცხვა:
ა) სახელმწიფო სტატისტიკის მოდერნიზაცია; ბ) საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედ წესებში საინოვაციო საქმიანობის ასახვა; გ) ინტელექტუალური საკუთრების გათვალისწინებით, ძირითადი ფონდების გადაფასების მორიგი რაუნდის ორგანიზება; დ) სამეცნიერო პროდუქციის აღრიცხვის, საინოვაციო პროცესების მონიტორინგისა და შეფასების ეფექტური სისტემის შექმნა.
• გაიზარდოს საინოვაციო სფეროში კვლევათა დაფინანსება;
• გაგრძელდეს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრების შექმნის პროცესი და შეიქმნას ამ ცენტრების საქმიანობაზე მონიტორინგისა და შეფასების ადეკვატური სისტემა;
• ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისთვის შეიქმნას ბიზნეს-ინკუბატორები;
• დაფუძნდეს ტექნოპარკები (მ.შ. უნივერსიტეტებთან). შემუშავდეს ტექნოპარკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა.

2.2.10. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები
 ვითარების ანალიზი და პრობლემები
• სოფლის მეურნეობის განვითარება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების, მისი მდგრადი განვითარების, წმინდა სავალუტო შემოსავლების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით.
• უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში რეალური წარმოების მოცულობა 20%–ით, ხოლო ნათესი ფართობები – 43%–ით შემცირდა. სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის თითქმის 50%. მათი დიდი უმრავლესობა (95%) მცირე მეწარმეა, ხოლო მათ მიერ წარმოებული პროდუქცია – ძალზე მცირეა.
• საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ განხორციელებულა მისი მოდერნიზაცია, რის გამოც არაკონკურენტუნარიანი საწარმოო პროცესი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ძალზე მცირეა ფერმერულ ორგანიზაციათა რაოდენობა, რის გამოც ფერმერების უმრავლესობა ვერ სარგებლობს მასშტაბის უპირატესობით და ვერ უწევს კონკურენციას იმპორტირებულ საქონელს. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ნაწილში ქვეყანა, უმეტესად, იმპორტზეა დამოკიდებული.
• სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს სხვა პრობლემებიც: ძირითადი კაპიტალური დაბანდებების ნაკლებობა, სასოფლო–სამეურნეო კრედიტებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, სასოფლო–სამეურნეო სექტორში კვლევა–განათლება–გავრცელების სათანადო სისტემის არარსებობა, მიწის ბაზრის განუვითარებლობა, მელიორაციის, ირიგაციისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, ფართოდ გავრცელებული ცხოველთა დაავადებები და ა.შ..
• სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების დაბალი დონე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზაციაზეც.
• ქვეყანას დღემდე არა გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნების სტანდარტებს და შეესაბამებოდეს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესებს.

 პროგრამული შეთავაზება:
• საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის სტაბილური განვითარებისათვის, პირველ რიგში, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნას საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
• სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდეგ საკითხებზე:
 სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა: მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკუთარი სასურსათო პროდუქტებით ქვეყნის შიდა საჭიროებების უზრუნველყოფის არსებული კოეფიციენტი (30%) უნდა გაორმაგდეს, ხოლო მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ პარამეტრმა მინიმუმ – 80%-ს უნდა მიაღწიოს;
 ქვეყანაში იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების განსაკუთრებული ხელშეწყობა, რომელთაც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ. ამ ნაწილში განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის ბაზარზე ექსპორტის მიზნით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში არაგენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება.
 ქართული სოფლის კულტურის, როგორც უნიკალური ეთნოგრაფიული ფენომენის შენარჩუნების ხელშეწყობა, რისთვისაც უნდა შემუშავდეს მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები. ასეთი პროგრამები ხელს შეუწყობენ წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და მათ გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას, სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, ქვეყანაში დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესებას და განსახლების ოპტიმალურ განფენას.
• ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად სახელმწიფომ:
 უნდა ჩაატაროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სრული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინვენტარიზაცია და შეიმუშაოს თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი მიწის კოდექსი;
 უნდა შეიმუშავოს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ფართობების მელიორაციისა და ირიგაციის გრძელვადიანი გეგმა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული გეგმის რეალიზაცია. ქვეყანაში მელიორაციისა და ირიგაციის საკითხების გადაწყვეტა გაზრდის ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალს და მის გლობალურ კონკურენტუნარიანობას;
 უნდა წაახალისოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრიდან წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ტექნიკასა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს;
 სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს ვეტერინარიის, ეპიზოოტიისა და მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის ღონისძიებებს. აღნიშნული მიმართულებებით სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, პრობლემების აღმოფხვრასა და შედეგებზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების რეალიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს;
 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას, რომელთა განვითარება მოქალაქეების დასაქმების, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისა და საექსპორტო პროდუქტების წარმოების გაზრდისათვის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს;
 შეიმუშავოს და დროულად დანერგოს მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების პროგრამა. ე.წ. „STURT UP“-ის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაში და მათ გადამამუშავებელ მრეწველობაში თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა უნდა გახდეს. შესაბამისი მიზნობრივი პროგრამებით სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების სფეროში ფინანსურ რესურსებზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა;
 უნდა წაახალისოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში პერსპექტიული ჯიშების (მეფრინველეობა, მესაქონლეობა, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები და სხვა) სელექცია და ჯიშების გამოყვანის მიმართულება. ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას და მასში თანამედროვე ცოდნისა და მიღწევების ფართოდ გამოყენებას;
 უნდა შეიმუშავოს და დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყველა ძირითად მიმართულებებზე ტექნიკური რეგლამენტი, რაც პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ყველა საფეხურზე ხარისხის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს. ქვეყანაში წარმოებული ან იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს განსაკუთრებული და პრიორიტეტული ამოცანა უნდა გახდეს;
 უნდა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში შესაბამისი კადრების მომზადებისა და გადამზადების პროცესის გაუმჯობესება, რადგანაც შესაფერისი კადრების საკმარისი რაოდენობის არარსებობის პირობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

III. განათლება და მეცნიერება

• განათლება და მეცნიერება როგორც კულტურის განუყოფელი ნაწილი, ეროვნული თვითშეგნების ამაღლების, თვითიდენტიფიცირების საფუძველთა საფუძველი
საუკუნეების მანძილზე განათლებისა და მეცნიერებისადმი ქართველი ხალხის სწრაფვა ტრადიციად დამკვიდრდა. ერის სულიერი აღმავლობა, კულტურის პროგრესი, ჩვენი დიდი სულიერი მამების მიერ საგანამანთლებლო კერების დაფუძნებითა და, როგორც ჩვენში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფართოდ გაშლილი ინტელექტიუალური საქმიანობით ხასიათდებოდა.
განათლება, მწიგნობრობა, სამეცნიერო კვლევა ისტორიულადაც და დღესაც საზოგადოების იდეალია, განსწავლული და განათლებული თაობის აღზრდაზე ზრუნვა ერის შინაგანი კონსოლიდაციის გამოხატულება, ძლიერი სოციალური იმპულსია. ქართული სამეცნიერო აზრის მიღწევები ეროვნული სიამაყის საგანი და კულტურული იდენტიფიცირების მნიშვნელოვანი ელემენტია.
• განათლება და მეცნიერება ქვეყნის მატერიალური და ტექნიკური პროგრესის საფუძველი
ქვეყნის არა მარტო სულიერ, მატერიალურ კეთილდღეობასაც მაღალი სტანდარტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა განსაზღვრავს. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი რესურსია ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ტექნოლოგიების მუდმივ დახვეწასა და განახლებას, ტექნოლოგიურ პროგრესს განაპირობებს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება და მისი შეუქცევადი განვითარების გზების ძიება ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტია. ცხოვრების დონით მოწინავე ქვეყნებზე სწორების წინა პირობას სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების ინტენსიური განვითარება წარმოადგენს. აღნიშნული, თავის მხრივ, პროდუქტიული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის არსებობის აუცილებლობას განაპირობებს. წარმოების დონის ამაღლება, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა და მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია სამეცნიერო მიღწევების კომერციალიზაციის, ბიზნესის ჩართულობის გარეშე.
• განათლება და მეცნიერება სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძველი
თანამედროვე მსოფლიოში გამოყენებითი მეცნიერების მიღწევები, ავტომატურად ხდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი.
სწორედ ამიტომ, განათლება და მეცნიერება განიხილება როგორც ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტი, მისი განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ქვეყნის გარანტირებული უსაფრთხოებისთვის საჭიროა, ერთი მხრივ, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მეორე მხრივ, თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული მათემატიკოსები, ფიზიკოსები, გამომგონებლები, კონსტრუქტორები, ინჟინრები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები და ა.შ. ასეთი კადრების აღზრდა მხოლოდ წარმატებული საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სამეცნიერო სკოლების პირობებშია შესაძლებელი. სამხედრო უსაფრთხოებასთან ერთად, ქვეყანას უნდა ჰქონდეს გამართულ მეცნიერულ თვალსაზრისზე დაფუძნებული კონცეფცია გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი მასშტაბის ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციისა და მართვისათვის.
• განათლება და მეცნიერება საზოგადოების კონსოლიდაციას ფაქტორი
მომავალი თაობის განათლება არ შემოიფარგლება პიროვნული, ჯგუფური, პარტიული ან ეთნიკური ჩარჩოებით. თავისი არსით დემოკრატიული დარგების, განათლებისა და მეცნიერების მიზანი, განვითარების წინაპირობები, შედეგები, პერსპექტივები ხაზგასმულად ზოგადეროვნულ ხასიათს ატარებს და ბუნებრივად აყალიბებს საზოგადოების შინაგანი კონსოლიდაციის ქვაკუთხედს. საზოგადოებას კრავს საერთო ისტორიის, ენის, სულიერი კულტურის, ბუნების, რესურსების, შესაძლებლობებისა და პრობლემების ცოდნა და მეცნიერული გააზრება. ერთობლივი საგანმანათლებლო და აკადემიური აქტივობები, პრაქტიკულად ხელუხლებელ პოტენციალს წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან დიალოგის დასაწყებად, ჯანსაღი ურთიერთობების აღსადგენად და გაუცხოების დასაძლევად.
3.1. განათლებისა და მეცნიერების ძირითადი პრობლემები და გამოწვევები
• საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საგანმანათლებლო სისტემა ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარების მიზნებისა და გზების შესაბამის სფეროდ. ქვეყანას დღემდე არ აქვს საზოგადოებრივად შეთანხმებული და ეკონომიკური განვითარების მოდელზე დაფუძნებული განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი კონცეფცია.
• განათლების სფეროს კომპონენტები: სკოლამდელი განათლება – ზოგადი განათლება (თავისი საფეხურებით) – პროფესიული განათლება – უმაღლესი განათლება (თავისი საფეხურებით) – სამეცნიერო კვლევა სუსტ კავშირში არიან არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნილებებთანაც ( მაგალითად, პროფესიული და უმაღლესი განათლების კავშირი ბიზნესთან და დასაქმების ბაზართან არ არის გამოკვეთილი; უმაღლესი განათლება და მეცნიერება პრაქტიკულად არ არის ორიენტირებული ადგილობრივი ბიზნესის ტექნოლოგიურ საჭიროებებზე და ა.შ.) არ არსებობს უმაღლესი განათლებისა და კვლევების ბმა ქვეყნის უსაფრთხოებასთან, თავდაცვისუნარიანობასთან, ჯანდაცვასთან, გლობალური და ადგილობრივი მასშტაბის ეკოლოგიურ მდგრადობასთან.
• სისტემაში დარღვეულია ბალანსი პროფესიულ და უმაღლეს საგანამანათლებლო კომპონენტებს შორის. უმაღლესი განათლების წილი არაპროპორციულად დიდია-საშუალოდ თითო უნივერსიტეტი 50000 მოქალაქეზე. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რაოდენობას აღემატება ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საკონკურსო ადგილების ჯამი. საშუალო სკოლის შემდეგ, არჩევანი უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის კეთდება, მეტწილად, პირველის სასარგებლოდ. ამგვარი განაწილება არ ეფუძნება არც აბიტურიენტთა ცოდნის მაღალ ხარისხს და არც საბაზრო მოთხოვნილებას, რაც ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების სრულყოფილად მიღწევას.
• ზოგადად, დასაქმების ბაზარზე ორიენტირება პრობლემურია. შეუსაბამოა, ერთი მხრივ, კურსდამთავრებულების რაოდენობის, პროფილის, ცოდნისა და უნარების ხარისხის, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებული დასაქმების ბაზრის მოთხოვნები. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების საშუალო დონე დაბალია. სკოლამ პრაქტიკულად დაკარგა ზოგადი განათლების გაცემის ფუნქცია, მოსწავლეები ორიენტირებულები არიან მხოლოდ რამდენიმე საგამოცდო საგანზე და იშვიათად გვხვდება ყველა სასკოლო საგანში მომზადებული ახალგაზრდა. დაცემულია ზოგადი განათლების ატესტატის მნიშვნელობა.
• სუსტად არის განვითარებული საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების აქტივობისა და შედეგიანობის ობიექტური შეფასების კრიტერიუმები, რაც ხელს უშლის რეალური სურათის გააზრებას, ტენდენციების გამოკვეთას, მიღწევებისა და სირთულეების იდენტიფიცირებას. ქვეყნის შიდა რეიტინგული სისტემის უქონლობა აფერხებს სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების განვითარებისთვის აუცილებელი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
• საქართველოში სამეცნიერო სარბიელი შეზღუდულია. არამხოლოდ სამეცნიერო კორპუსია მცირერიცხოვანი, არამედ პროდუქტიულობაც დაბალია, საგრძნობია ე.წ. ტვინების გადინება. პოტენციურად მოსალოდნელი დაბალი შემოსავლების გამო სამეცნიერო კარიერა არაპრესტიჟულია და კადრების შევსება ახალგაზრდებით სუსტად ხდება. თუ საქართველოს აკადემიური ინსტიტუციებიდან საერთაშორისო გამოცემებში პუბლიკაციების რაოდენობას განვიხილავთ, ის თვალშისაცემად მცირეა არამარტო ევროპულ, არამედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებითაც, რამდენჯერმე ჩამოუვარდება ლიტვისა და ესტონეთის მაჩვენებელს, ერთნახევარჯერ მცირეა სომხეთის პუბლიკაციების ინდექსთან შედარებით. თავად საქართველოში გამოდის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია გამოცემები, რომლებიც ასე თუ ისე აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და ხვდებიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში. საქართველოში განათლებაზე დანახარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით 2.9%-ია, შედარებისთვის, ლატვიასა და ესტონეთში ეს მაჩვენებელი  5.7%-ია. რაც შეეხება მეცნიერებას, საქართველოს მშპ–ს მხოლოდ 0.2% ხმარდება კვლევებსა და მეცნიერების განვითარებას (მსოფლიო ბანკის მონაცემი 2014 წლის მიხედვით); საუკეთესო მსოფლიო და ევროპული მაჩვენებლები 4%–ის ფარგლებშია. საშუალო ევროპული მაჩვენებელია 1.5%. მოარული ფრაზა, რომ საუკეთესო ინვესტიცია არის განათლებაში ინვესტიცია, ქართულ სინამდვილეში სრულიად არარელიზებულია და აქვს მხოლოდ თეორიული დატვირთვა. ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოს უკლებლივ ყველა მთავრობას კვლევებსა და მეცნიერების განვითარებაზე დახარჯული თანხა ფუფუნებად მიაჩნია.
• სახელმწიფო უნივერსიტეტებს მწვავედ უდგათ ავტონომიის რეალურად განხორციელების პრობლემა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ჩადებულია უნივერსიტეტების ზომაზე მეტი უნიფიკაცია (არ ვგულისხმობთ განათლების ხარისხის სტანდარტებს). ზოგადად, უმაღლესი განათლების კანონის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა საუნივერსიტეტო რეალიები და დღის წესრიგშია კანონის გადამუშავება და ამჟამინდელ სიტუაციასთან მისადაგება. ბოლო რამდენიმე წელია მწვავედ დგას უნივერსიტეტებში სამეცნიერო ერთეულების სტატუსის მოუწესრიგებლობა; მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემის რეფორმის პროცესში სამეცნიერო ინსტიტუტები დააჯგუფეს და შეიყვანეს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში, ოღონდ მათ დაფინანსება პრაქტიკულად არ მიჰყოლიათ. ინსტიტუტები ვერ იქცნენ უნივერსიტეტების სრულფასოვან შემადგენელ ნაწილად, მათი მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვის ორგანოში – აკადემიურ საბჭოში თეორიულადაც კი შეუძლებელია, ინსტიტუტების მეცნიერ – თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში მინიმუმამდე არის დაყვანილი, რითაც ფერხდება სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია.
• სახელმწიფო უნივერსიტეტებს მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა აქვთ – რამდენიმე ათეული მლნ ლარიც კი, რაც დიდი უნივერსიტეტების წლიურ ბიუჯეტს შეადგენს, სრულიად არასაკმარისია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შენობების, აუდიტორიების დიდი ნაწილი არ შეესაბამება საშუალო სტანდარტებსაც კი, რაც შეეხება ლაბორატორიულ ბაზას, მეტწილად მოძველებულია. შედეგად, სასწავლო და კვლევითი გარემო ვიზუალურად, ესთეტიკურად, მორალურად შეუსაბამო და ჩამორჩენილია.
• პროფესიული განათლების სისტემა ტრადიციულად სუსტად არის განვითარებული და საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს. საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯები ძველი ინერციით დაბალი პრესტიჟით სარგებლობენ საზოგადოებაში. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც თითზე ჩამოსათვლელია თანამედროვე ტიპის კოლეჯები, რომლებშიც მომზადებული სპეციალისტები უპრობლემოდ დასაქმდებიან. სუსტია კავშირი პროფესიულ/უმაღლეს განათლებასა და რეალურად არსებულ წარმოებას შორის, რის გამოც ამ საგანმამათლებლო რგოლის დიდი სოციალური პოტენციალი აუთვისებელი რჩება.
• ბოლო ხანებში განსაკუთრებით იჩინა თავი სტუდენტების პოლიტიზირების უარყოფითმა პრაქტიკამ, რასაც ყოველთვის მძლავრად ჰქონდა ფესვი გადგმული. როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არცთუ იშვიათად ცდილობენ სტუდენტური მუხტის საკუთარი პოლიტიკური კალაპოტში მოქცევას.
• ქართული და მით უმეტეს უცხოური ბიზნესის მხრიდან დაინტერესება ქართული სამეცნიერო და ტექნოლოგიური სექტორის მიმართ უკიდურესად სუსტია. ჩანასახოვან მდგომარეობაშია მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევებისა და ბიზნესის ურთიერთდაახლოებას, ერი მხრივ, ცოდნის ტრანსფერს ინდუსტრიაში, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესის მიერ აკადემიური აქტივობის დაფინანსებას. საქართველოში პრაქტიკულად არ მოქმედებს Alumni-ს ინსტიტუტი, რაც საშუალებას უსპობს განსაკუთრებით წარმატებულ კურსდამთავრებულებს მატერიალური დახმარება გაუწიონ უნივერსიტეტებს.
3.2. პროგრამული შეთავაზებები და გადაჭრის გზები
3.2.1. ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების ეროვნული სტრატეგია
• ყველა დაინტერესებული მხარის – ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამეცნიერო-აკადემიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შემჭიდროებულ ვადებში შემუშავდება ინტელექტუალური პოტენციალის გავითარების ეროვნულ სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა.
3.2.2. ცოდნაზე დაფუძნებული მომავალი
• მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რომ ქვეყნის განვითარების გეზი მიმართული უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაზე. ორიენტირი ვერ იქნება ისეთი დარგი, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ბუნებრივ რესურსებს, ენერგიას, სივრცეებს. მთავარი კაპიტალი ქვეყნისთვის უნდა იყოს ადამიანური რესურსი, გამართული ტექნოლოგიური ცოდნით შეიარაღებული პერსონალი და ინოვაციების გენერირებისა და დანერგვის ხელშემწყობი გარემო. ქართული საგანმანათლებლო სისტემა სწორედ ასეთ მიზანს უნდა მიესადაგოს.
3.2.3. ეფექტიანი სახელმწიფო მხარდაჭერა და რეგულირება
• სახელმწიფო აიღებს რა თავის თავზე განათლების სფეროს სავალდებულო ფინანსურ ხელშეწყობას, ამავე დროს იყენებს რეგულირების მოქნილ და ოპტიმალურ მექანიზმს.
• სასკოლო განათლების მოტივაციის ასამაღლებლად დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა. (მაგალითად: ერთიანი ეროვნული გამოცდების ამჟამინდელი ბარიერი 25%–დან გაიზრდება, სულ მცირე, 40%–მდე და სხვა)
• სასწავლებელების ავტორიზაციის მექანიზმში კონკრეტულ საგანმამანთლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის დასაშვები რაოდენობა ინდექსირებული უნდა იყოს არა მხოლოდ უნივერსიტეტის მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საკადრო მონაცემებით, არამედ ბოლო პერიოდში კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით.
• მიზანშეწონილია ზოგადასაგანმანთლებლო სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული (მისაღები) გამოცდების ეტაპობრივად (6 – 8 წელი) შერწყმა, რაც ერთი მხრივ, აამაღლებს სკოლებში აკადემიური მოსწრების ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ, მოახდენს რესურსების ოპტიმიზაციას. საბოლოოდ, გამოსაშვები გამოცდები უნდა ტარდებოდეს ყველა ძირითად საგანში.
• უმაღლეს საგანამანთლებლო პროგრამებზე შემცირებული ადგილების საკომპენსაციოდ მომზადებული და შეთავაზებული იქნება პროფესიულ/საზოგადოებრივ კოლეჯებში სწავლის გაგრძელება.
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს ზოგადსაგანამანთლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების ქვეყნის მასშტაბით რანჟირების სქემას. შეფასების ობიექტური მეთოდოლოგია დაეყრდნობა როგორც საერთაშორისო ანალოგებს, ისე ჩვენი ქვეყნის სპეციფიკასაც. კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისათვის ერთ – ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება ბოლო წლებში კურსდამთავრებულთა დასაქმების ინდექსი. სასწავლებლების გაზომვად წარმატებულობაზე იქნება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დახმარება.
• ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მინიმუმ 12–15 მლნ ლარი გამოიყოფა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად (მათ შორის ქართულ ენაზე ორიგინალური და ნათარგმნი სახელმძღვანელოების გამოსაცემად). ამ თანხის მკაცრ საკონკურსო საფუძველზე განაწილებაზე პასუხისმგებელი იქნება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ნორმატიულად იქნება გარანტირებული ის, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურული დახმარება არ გადაიქცევა მთავრობის/სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტების შიდა საქმიანობაში ჩარევის ინსტრუმენტად.
3.2.4. ჰორიზონტალური კავშირების გააქტიურება სამეცნიერო კვლევების სტიმულირების და სწრაფი განვითარების მიზნით
• სტიმულიებისა და ბიუჯეტური სახსრების ოპტიმალურად დასახარჯად მთავრობა განსაზღვრავს მიმდინარე თემატურ პრიორიტეტებს, რომელთა შესაბამისადაც მოხდება კონკრეტული კვლევების ფოკუსირებული ხელშეწყობა. საამისოდ კვლევების დამფინანსებელი სამეცნიერო ფონდი, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, პერიოდულად დაადგენს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს განსაკუთრებით აქტუალურ რამდენიმე კვლევით მიმართულებას.
3.2.5. კვლევების დაფინანსების მექანიზმების დივერსიფიცირება
• განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული გამოცდილების გათვალისწინებით კვლევების დასაფინანსებლად დაინერგება პარალელურად მოქმედი სამი ტიპის მექანიზმი:
4. „საბაზო“, „პროგრამული“ დაფინანსება, რაც წარმოადგენს გრძელვადიან და უფრო მეტად ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებულ დაფინანსებას; მოიცავს მასშტაბურ სამეცნიერო პროგრამებს და გათვლილია 5–7 წლიან პერიოდზე; ამჟამად საქართველოში მსგავსი მიდგომა არ არსებობს;
5. „საგრანტო“ დაფინანსება, რომელიც 2–3 წლიან პროექტებზეა გათვლილი და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება; ეს რეფორმისტული მოდელი საქართველოში 2006 წლიდან დაინერგა; სამწუხაროდ სასურველი შედეგის გარეშე, დაფინანსების სხვა დამაბალანსებელი მექანიზმის დაბლოკვის გამო;
6. შიდა საუნივერსიტეტო ან შიდა საინსტიტუტო დაფინანსება. დაფინანსების ეს გზა ამჟამად ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება და მის გასაძლიერებლად ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება სულ მცირე 2 მილიონი ლარი.

ჩამოთვლილი სამი მექანიზმი მეტ–ნაკლებად აბალანსებს ერთმანეთს, სამივე მათგანი იქნება შედეგზე ორიენტირებული და დაეფუძნება მკაცრ შეჯიბრებითობას.
3.2.6. პროფესიული განათლების ინსტიტუციური გაძლიერება
პროფესიული განათლების განვითარება უშუალო კავშირშია ქვეყანაში კვალიფიციური ტექნიკოსებისა და საშუალო რგოლის პერსონალის მოთხოვნასთან.
• ევროპული, კერძოდ, გერმანული „ხელოსანთა პალატების“ (Handwerkskammer, ამქარების პალატა) გამოცდილების გათვალისწინებით დაფუძნდება ინსტიტუცია, რომლის ფუნქცია იქნება ერთი მხრივ, კვალიფიკაციის მიმწოდებელი და ასამაღლებელი პროგრამების შეთავაზება, მეორე მხრივ კი მაღალი სტანდარტის გამოცდებისა და კურსდამთავრებულთა სანდო სერტიფიცირების უზრუნველყოფა. ამ ინსტიტუციას ნაწილობრივ დააფინანსებს სახელმწიფო, ნაწილობრივ ასოცირებული ბიზნეს -კომპანიები. ბიზნეს-კომპანიების ინტერესს წარმოადგენს პროფესიული -გადასამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაც შეიძლება მაღალ დონეზე აყვანა საკუთარი ბიზნესისთვის სათანადოდ მომზადებული კადრების შერჩევის მიზნით; საამისოდ კომპანიები მზად იქნებიან საწარმოო სწავლების ბაზად საკუთარი რესურსებიც კი შესთავაზონ. სახელმწიფო, როგორც თანადამფუძნებელი, მონაწილეობას მიიღებს ინსტიტუციის მართვაში და პირველ რიგში იზრუნებს ხარისხის შენარჩუნებაზე.
• განსაკუთრებული პრიორიტეტულობა მიენიჭება აგრარული და კვებითი ინდუსტრიის პროგრამებს, რადგან უახლოეს პერიოდში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება ევროპულ და სხვა განვითარებულ ბაზრებზე საექსპორტო პროდუქციით შესვლა. ეს მოითხოვს როგორც საწარმოო საშუალებების, ასევე ტექნოლოგიების ძალიან ფართო სპექტრში ზედმიწევნით მკაცრი სტანდარტების დაცვას და, ბუნებრივია, სათანადოდ მომზადებულ კადრებს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი იქნება მიზნობრივი გრანტები ახალი პროფესიული სტანდარტებისა და ინოვაციური სასწავლო პროგრამების შესაქმნელად, ასევე, მათი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად. ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან რეგიონებში (დედაქალაქიდან დაშორების მიხედვით) პერიფერიებში არსებული პროფესიული კოლეჯები.
3.2.7. უნივერსიტეტების შიდა საქმიანობაში ჩარევაზე მორატორიუმი
• ხელისუფლებაში მყოფი და სხვა პოლიტიკური ძალების წინაშე დაისმება საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროში პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებაზე საყოველთაო შეთანხმების საკითხი;
• მომზადდება და ამოქმედდება სათანადო სამართლებრივი გარანტიები:
 უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული, ფინანსური და საკადრო ავტონომიურობის რეალურად უზრუნველსაყოფად;
 პედაგოგებზე, ტუდენტებზე, აკადემიურ პერსონალზე პოლიტიკური ზეწოლის პრევენციისათვის;
 უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტების ქმედითი მონაწილეობისათვის.
3.2.8. საქართველოს და კავკასიის შემსწავლელ მეცნიერებებზე ზრუნვა
• საქართველოს სახელმწიფო თავის ორგანულ ინტერესად აღიარებს ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარებაზე ზრუნვას და მათი მიღწევების პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
• სახელმწიფო გააგრძელებს და გააძლიერებს ქართული ენის ფუნქციების გაფართოების მხარდაჭერას, მათ შორის არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების დაფინანსებით;
• სახელმწიფო გააგრძელებს და გაზრდის დაფინანსებას ენის კულტივირებისა და დაცვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიური, მათ შორის ელექტრონული, ატრიბუტების შესაქმნელად, როგორიცაა სხვადასხვა სახის კორპუსი, ლექსიკონი და ა.შ.
• გაგრძელდება და გაიზრდება სპეციალური პროგრამების დაფინანსება, რომელთა მიზანია ქართული ენით, ისტორიით, კულტურით დაინტერესებული უცხოელებისათვის, მათ შორის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისათვის საზაფხულო სკოლების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა;
• საგანგებო ძალისხმევა იქნება მიმართული საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული აკადემიური კავშირების აღსადგენად და გასამყარებლად; ამოქმედდება სპეციალური პროექტები თბილისის, როგორც კავკასიოლოგიის კვლევების ცენტრის როლის გასაძლიერებლად, ჩრდილოეთ კავკასიელი სტუდენტებისა და სტაჟიორების მისაღებად.
3.2.9. პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
• მომზადდება და ამოქმედდება საგანგებო პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება სტუდენტური პოტენციალის მიმართვა საზოგადოებრივად საჭირო საქმეებზე;
• განახლდება ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაზე მომუშავე ჯგუფების დაფინანსება; სპეციალური პროგრამების ფარგლებში წახალისებული იქნება სტუდენტური და ახალგაზრდული ინიციატივები, მათ შორის, მთიან რეგიონებში დაცლის პირას მყოფი სოფლების პატრონობა, ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა, სოციალური ინოვაციების დანერგვა და ა.შ. ამგვარ პროექტებში ჩართულობა განიხილება როგორც ეფექტური გზა ურთიერთდაპირისპირებულ სტუდენტურ ძალებს შორის დაძაბულობის ჩასაქრობად;
• შემუშავდება და ამოქმედდება სტუდენტური დასაქმებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები, მათ შორის ბიზნეს–კომპანიების საგადასახადო წახალისების გზით.
• იმის გათვალისწინებით, რომ სამეცნიერო კარიერის საწყისი ეტაპი საჭიროებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, ამოქმედდება სახელმწიფო საგრანტო პროგრამები აკადემიურ დაწესებულებებში ახალგაზრდა მეცნიერთა, მათ შორის, პოსტდოქტორულ მკვლევართა, დასამაგრებლად. შემუშავდება და ამოქმედდება სპეციალური პროგრამები უცხოეთში სწავლადამთავრებული ახალგაზრდების სამშობლოში დასაბრუნებლად და კარიერული დამკვიდრების ხელშესაწყობად.
3.2.10. განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია
• ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები წარმატებული პედაგოგების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი მეცნიერების, სამეცნიერო ჯგუფების გამოსავლენად და წასახალისებლად, მათ შორის, სახელობითი ჯილდოებითაც. იმ მოსწავლეების პედაგოგებისთვის, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ოლიმპიადებში და მსგავს ღონისძიებებში წარმატებით, ასევე იქნება გამოყოფილი საპრიზო ფონდები.

IV. გარემო და ბუნებრივი რესურსები

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა – დაიცვას ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული გარემო, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას და უზრუნველყოს საცხოვრებლად უსაფრთხო გარემოს არსებობა.
ეკონომიკური და სოციალური განვითარების თანამედროვე ეტაპზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისადმი ფრთხილი და გონივრული დამოკიდებულება. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, საქართველო აქტიურად არის ჩაბმული გარემოს დაცვის, გლობალური ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ საერთაშორისო პროცესებში. ქვეყანას აქვს აღებული ვალდებულება ევროკავშირის და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზაციის “ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმები”-ს თანახმად და გაეროს მიერ შემუშავებული დოკუმენტით, მდგრადი განვითარების მიზნები”-ს ვალდებულებების შესრულებაზე.

4.1. გარემოს ძირითადი კომპონენტები
4.1.1. ატმოსფერული ჰაერი
 ძირითადი პრობლემები
ადამიანის ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების წარმატებულად მართვის აუცილებელ პირობას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე ერთიანი სისტემის არსებობა წარმოადგენს.
• საქართველოში ამჟამად მოქმედი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა არაადეკვატურია როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე ფუნქციონალური თვალსაზრისით;
• ქვეყანაში არ არის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების პუნქტების საკმარისი რაოდენობა, ხოლო, ამ პუნქტების მიერ წარმოებული გაზომვების შედეგები არასაიმედოა;
• ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება წარმოებს საქართველოს მხოლოდ ოთხ ქალაქში, სადაც ისაზღვრება კომპონენტების შეზღუდული რაოდენობა;
• ამასთან ერთად, საერთოდ არ იზომება ავტოტრანსპორტის მიერ გამოფრქვეული კანცეროგენული ნივთიერებები (ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, ბენზაპირენი) და მიწისპირა ოზონი, რომელიც სხვადასხვა დამბინძურებელ ნივთიერებათა ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება და სმოგის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია;
• ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიულად არ შეესაბამება ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის – “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“ მოთხოვნებს.

 პროგრამული შეთავაზება
ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის ატმოსფერული ჰაერის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის საჭიროა გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროს და მასში შემავალი ჰაერდაცვითი საქმიანობის სექტორის სრულყოფა და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რომელის პირველი რიგის პრიორიტეტებია:
• ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება და თანამედროვე მოწყობილობით აღჭურვა;
• ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების სტრატეგიის შემუშავება, რომლის მთავარი მიმართულებები იქნება: ტექნიკური დათვალიერება, ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმიზაცია, სატრანსპორტო მაგისტრალებზე საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის უზრუნველყოფა, გზის საფარის გაუმჯობესება, მწვანე საფარის სტანდარტის შემოღება;
• ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

4.1.2. წყლის რესურსები
 ძირითადი პრობლემები
ჩვენში დამკვიდრებული მოსაზრება: საქართველო იმდენად მდიდარია წყლის რესურსებით, რომ მას წყლის დეფიციტი არ ემუქრება – მცდარია. ოდითგანვე ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველო წყლის დეფიციტს განიცდის და ამიტომ, მიუხედავად წყალუხვობისა, ქვეყანაში წყალი რეგულირებას საჭიროებს.
• დღეს წყლის რესურსების მართვის საკანონმდებლო სივცეში საქართველოს კანონი “წყლის შესახებ” ფუნქიონირებს. 1997 წელს მიღებული ამ კანონის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო მმართველობას ახდენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების სფეროში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენს.
• დღეისათვის, ეს კანონი ვეღარ იძლევა წყლის რესურსების ეფექტური მართვის საშუალებას, ვინაიდან მისი ნორმების უმეტესობას გააჩნია უკიდურესად სუსტი სამართლებრივი კავშირი მომიჯნავე სფეროებში მოქმედ დარგობრივ კანონმდებლობასთან, რის შედეგადაც წყლის სფეროს მიკუთვნებული საკითხები, ხშირ შემთხვევაში, კოლიზიური ან/და ერთმანეთთან შეუსაბამო ცალკეული ნორმების სახით, ინტეგრირებული აღმოჩნდა სხვა უამრავ საკანონმდებლო აქტში.

 პროგრამული შეთავაზება
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას ახალი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა წყლის რესურსების ადმინისტრაციულ პრინციპებზე, არამედ, უფრო თანამედროვე და ეფექტიან სააუზო მართვის მოდელზე.
დღეს საქართველოში, წყლის რესურსების მართვა ადმინისტრაციული პრინციპის მიხედვით 6 რეგიონული სამმართველოსა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მეშვეობით წარმოებს.
მართვის ეს სისტემა შექმნილია რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების, და არა ამა თუ იმ წყლის ობიექტის ჰიდროგრაფიული საზღვრების ფარგლებში.
ამ მოძველებული მოდელისგან განსხვავებით, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა სააუზო მიდგომას მოითხოვს, რაც, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოცდილებით, მრავალი პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზას წარმოადგენს.
• წყლის სააუზო მართვის პრინციპზე გადასვლა ხელს შეუწყობს:
 ფრაგმენტული (არაკომპლექსური) მიდგომის თავიდან აცილებას;
 წყლის ობიექტის მთლიან ჰიდროგრაფიულ საზღვრებში განლაგებული წყალმომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას;
 უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და კომპლექსურად მართვას;
 სხვადასხვა სექტორების წყალმოსარგებლეების შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის წყლით უზრუნველყოფას;
 კონფლიქტების თავიდან აცილებას;
 სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
• ყოველივე ეს კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს:
 მოსახლეობისთვის სუფთა წყლით მიწოდებას;
 ადგილობრივ დონეზე საკანალიზაციო/სანიტარიის სისტემების შექმნას;
 წყლის ობიექტების დაცვითი ღონისძიებების გატარებას;
 წყლის როგორც რესურსის შენარჩუნებას.
• ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების
შემდგომი განვითარებისათვის საჭირო გახდება:
 ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალის შერწყმა;
 ეკონომიკური მეთოდების რეგულირებისა და წყალსარგებლობის სფეროში სამოქალაქო ურთიერთობების უფრო ფართო დანერგვა;
 შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული კანონების რეალიზაციასა და აღსრულებას.
• საქართველოს ძირითად მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავება. ინტეგრირებული მიდგომა წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მთავარი სახელმძღვანელო პრონციპი უნდა გახდეს. ეს პროცესი, რომელიც მოიცავს წყლისა (ზედაპირული, მიწისქვეშა, დაბრუნებადი) და მასთან დაკავშირებული მიწის რესურსების ისეთ ერთობლივ მართვას, რომელიც ერთი მხრივ, არ ემუქრება ეკოსისტემის მდგრადობას და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ასევე შესაძლებლობას იძლევა წყლის რესურსის გამოიყენების ენერგეტიკასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში და მოსახლეობისათვის სუფთა წყლის სახით.
• წყლის რესურსების მართვის ძირითადი პრიორიტეტებია:
 წყლის რესურსების მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა;
 წყლის რესურსების სააუზო მართვის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა.
• იმისათვის, რომ ქვეყანამ რაციონალურად გამოიყენოს არსებული წყლის რესურსები, განავითაროს ეს სექტორი და უზრუნველყოს ამ რესურსის წყალმომხმარებელთა მდგრადი, სამართლიანი თანასწორუფლებიანობა, უნდა შემუშავდეს მდინარეთა აუზების მართვის გეგმები, რაც თავის მხრივ მოითხოვს:
 აერო/კოსმოსური ფოტოებიდან და/ან ძველი რუკებიდან, ვექტორულ ფორმატში წყლის ობიექტების (მდინარეების, შენაკადების, ტბების, წყალსაცავების, წყაროების) ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად, მდინარეთა აუზების საზღვრების და წყალშემკრები ზონების განსაზღვრას და მათ ციფრულ ფორმატში გადაყვანას;
 უნიფიცირებული კოდირების სისტემის გამოყენებით ზედაპირული წყლის ობიექტების ინვენტარიზაციას;
 მდინარეთა აუზების ფარგლებში ყველა იმ საჭირო საქმიანობის დეტალური ინვენტარიზაციის ჩატარებას, რომელიც აუცილებელია წყლის რესურსების ეფექტური დაგეგმვისა და მართვისათვის;
 თითოეული განსაზღვრული აუზისათვის წყლის კადასტრის საინფომაციო სისტემის შექმნას;
 თითოეული მდინარის აუზის ფარგლებში, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სრული ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის ჩასატარებლად, შესაბამის ინსტიტუციებს (ჰიდრომეტეოროლიგიურ სამსახურებს, კვლევით ლაბორატორიებს, და სხვა სამსახურებს) შორის კოორდინაციის დაგეგმვას და განხორციელებას;
 ყველა სახის წყალმომხმარებელთა და წყალმოსარგებლეთა (საწარმოო ობიექტები, ჰიდროელექტროსადგურები, სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, მეთევზეობა/ხელოვნური ტბორები და სხვა) იდენტიფიკაციას, ინვენტარიზაციას, წყალმოხმარების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
 აუზში წყლის გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებული არსებული პრობლემების განსაზღვრას.
• წყლის სააუზო მართვაზე გადასვლის შედეგად, სახელმწიფო შეძლებს:
 წყლის რესურსების ეფექტური, რაციონალური მართვის განხორციელებას;
 მდინარეების აუზების სტაბილური და ხელსაყრელი ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფას;
 სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების საფუძველზე;
 კონფლიქტურ ზონებში წყლის მართვის სისტემების დანერგვას და განხორციელებას;
 ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტების აღდგენის სახელმწიფოთაშორისი პროგრამების შემუშავებას და ამ პროგრამების რეალიზაციისათვის მესამე ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ინვესტიციების მოზიდვას.

4.1.3. ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებები
 ძირითადი პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს მიიღო ,,ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არაერთი სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად (მაგალითად: დღევანდელი კანონმდებლობა არ აწესრიგებს სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების მართვის საკითხს).
 საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა კვლავ არაეფექტურია და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს;
 დარღვეულია ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და განთავსების სანიტარული და ეკოლოგიური მოთხოვნები და ნორმები;
 არ ხდება ნარჩენების სეპარაცია – რეციკლირება და გადამუშავება;
 დანაგვიანებულია გარემო;
 ძალზე დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე.
ყოველივე ეს ზოგადად გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების უსერიოზულეს პრობლემას წარმოადგენს.
 დღეისათვის საქართველოში აღრიცხულია 69 ნაგავსაყრელი (საერთო ფართობი 280,5 ჰა). აქედან 14 ნაგავსაყრელი (25,5 ჰა) უკანონოა. 55 ნაგავსაყრელი „ნახევრად კანონიერია“. ხშირად, ნაგავსაყრელები დასაშვებ მანძილზე ახლოს მდებარეობენ დასახლებული პუნქტებიდან, მდინარეებიდან და ზღვის – სანაპიროდან, რაც ქმნის ჰაერის, ნიადაგის, მიწისქვეშა და მიწისზედა წყლების დაბინძურების საშიშროებას.
 თითქმის ყოველ დასახლებულ პუნქტთან ფუნქციონირებს მცირე ზომის უკანონო ნაგავსაყრელი, რომელთა უმრავლესობა მდინარეების პირას არის განთავსებული;
 ქვეყანაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა-განთავსების სისტემა არ არსებობს. არ ფუნქციონირებს ნარჩენების გადამუშავების ინდუსტრია, არც ნარჩენების დახარისხებას ექცევა არანაირი ყურადღება და ეს მაშინ, როდესაც საქართველო არის როტერდამის, სტოკჰოლმისა და ბაზელის კონვენციების მხარე ქვეყანა და შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს ამ კონვენციებით ნაკისრი ვალდებულები.

 პროგრამული შეთავაზება
• შემუშავდება ნარჩენების მართვის გეგმა, რომელშიც პრიორიტეტულობა მინიჭებული ექნება: ნარჩენების შეგროვების, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, განთავსებისა და ხელახალი გამოყენების მიდგომებსა და ტექნოლოგიებს, ასევე მათი წარმოქმნის თავიდან აცილების საშუალებებს;
• გადამუშავდება კოდექსი „ნარჩენების შესახებ”, რომელშიც შევა სამრეწველო და სამშენებლო, ასევე სამედიცინო და ვეტერინარული ნარჩენების მართვის გამაუმჯობესებელი რეგულაციები;
• შემუშავდება და რეალიზდება სპეციალური პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება ნარჩენების მართვის სისტემაში ინოვაციურ ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი გადამაუშავებელი საწარმოების შექმნა – განვითარება.

4.2. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებების შერბილება და ადაპტირება
 ძირითადი პრობლემები
იმ გლობალურ პრობლემათა შორის, რომელიც კაცობრიობას 21-ე საუკუნეში ემუქრება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს – კლიმატის გლობალური ცვლილება წარმოადგენს. იმ საერთაშორისო დოკუმენტებს შორის, რომლებიც შემუშავებულია ამ პრობლემის მოგვარებისათვის, ყველაზე პრიორიტეტულია გაეროს „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“ (მიღებული 09.05.92; ძალაში შესული 21.03.94). ამ დოკუმენტის ძირითად მიზანს ატმოსფეროში სითბური გაზების იმ დონემდე სტაბილიზაცია წარმოადგენს, რომელიც კლიმატურ სისტემაზე ანთროპოგენული ზემოქმედების პრევენციას მოახდენს.
კლიმატის ცვლილებისა და მისი თანმდევი პროცესებისაგან გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია კონვენციის მხარე ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობა (ეროვნული მოხსენებები).
2015 წლიდან საქართველომ მოაწერა ხელი „პარიზის შეთანხმებას“ და ივალდებულა სითბური გაზების (ნახშირორჟანგი, მეთანი) 20 %–ით შემცირება.

 პროგრამული შეთავაზება
• ეროვნული ინტერესების სრული დაცვითა და საერთაშორისო სტრატეგიების გათვალისწინებით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მომზადდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების ადაპტაციის ეროვნული პროგრამა, რომელშიც პრიორიტეტულობა მიენჭება ისეთ მიმართულებებს როგორიცაა:
 სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და კულტურული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
 დეგრადირებული ტყეების აღდგენა და მაღალი შთანთქმის უნარის მქონე ტყეების შექმნა და დაცვა;
 წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაცია, წყალდაცვითი ზონების შექმნა – შენარჩუნება;
 წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მეთოდების დანერგვა;
 სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვა;
 სივრცითი დაგეგმარების პრინციპების დანერგვა;
 განახლებადი ენერგეტიკის, ენერგიის ახალი და სუფთა წყაროების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება;
 ბუნებრივი კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების და თავიდან აცილების სისტემა;
 მაღალტექნოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის და ოპტიმალური სატრანსპორტო დერეფნების განვითარება;
 კლიმატის ცვლილების ინდიკატორთა სისტემის შექმნა.

4.3. მიწის რესურსები
 ძირითადი პრობლემები
საქართველოში, წყლისმიერმა, ქარისმიერმა და ანთროპოგენურმა ეროზიებმა, სავარგულების არასწორმა ექსპლუატაციამ, სამელიორაციო ქსელების მოშლამ და გაუმართაობამ, საძოვრებზე პირუტყვის არასწორმა ძოვებამ და სხვა ფაქტორებმა, სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართომასშტაბიანი ეროზია და დეგრადაცია გამოიწვია.
სამწუხაროდ, დღემდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არ გააჩნია სრულფასოვანი ინფორმაცია მისი მიერ მართული ტერიტორიების შესახებ.

 პროგრამული შემოთავაზება
ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შენარჩუნებისა და ნიადაგური საფარის დაცვის მიზნით აუცილებელია:
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დეგრადირებული და ეროზირებული მიწების ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის მომზადება, ყოფილი კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმებისა და მიწების აღრიცხვის დოკუმენტების მოძიება;
• ქვეყნის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დათვალიერება და აღწერა, შეგროვილი მონაცემების შედარება მიწათსარგებლობის გეგმებთან და სავარგულების მიხედვით დეგრადირებული და ეროზირებული მიწების მონაცემთა ბაზის შექმნა;
• მოპოვებულ ინფორმციაზე დაყრდნობით, მრავალწლიანი სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავება, მისი დროულად რეალიზაციის დაწყება და მასზე მონიტორინგისა და შეფასების ადეკვატური სისტემის დაწესება;
• ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ჩატარდება გასატარებელი მიწის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაო, მომზადდება მიწის ახალი კანონმდებლობა, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მიწის დეფინიცია, საკუთრების ფორმები, მემკვიდრეობის საკითხი, აღკვეთილი იქნება ფარული პრივატიზაცია, უზრუნველყოფილ იქნება საერთო სარგებლობაში ეგრეთწოდებული სათემო მიწების არსებობა და მიწის ნაყოფიერი ფენის დაცვა.

4.4. ტყის რესურსები
 ძირითადი პრობლემები
საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 39,9% ტყითაა დაფარული (2,77 მლნ ჰა). აქედან, დაახლოებით 0,5 მლნ ჰა ე.წ. ხელუხლებელ ტყეებს, 2,2 მლნ ჰა სახეცლვლილ ტყეებს, ხოლო 0,06 მლნ ჰა ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს უკვიათ.
საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია და საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდი ინსტიტუციური მართვის მიხედვით იყოფა: ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტრიებად (სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი და ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები); ბ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდად (ადგილობრივ ტყის ფონდში შემავალი ტერიტორიები).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის საშუალო სიხშირე დღეისათვის კრიტიკულ ზღვრამდეა მიყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყეებს მკვეთრად დაქვეითებული აქვთ თვითაღდგენა-თვითგანახლების და დაცვითი ფუნქციების შესრულების უნარი, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ტყის ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. საქართველოს ტყეებზე ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს არამდგრადი მეთოდებით განხორციელებული ტყით სარგებლობა, საქონლის გადაჭარბებული (უსისტემო) ძოვება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არაადეკვატური სატყეო-სამეურნეო სისტემა.
 1999 წლიდან მოყოლებული, სატყეო სისტემის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო ვინაიდან, ყველა რეფორმა გათვლილი იყო ფისკალურ ეფექტზე და არა ამ სფეროს სისტემურ რეფორმაზე;
 მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ტყის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, და ეკლესია, ასევე დასაშვებია ტყის განსახელმწიფოებაც. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულია მუნიციპალური საკუთრების ფორმაც;
 დღეს ტყის მართვის არც ინსტიტუციონალური და არც ფინანსური სისტემა არ არის ეფექტიანი;
 სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ შეესაბამება ტყეების მდგრადი მართვის პრინციპებს; სხვადასხვა დროს მიღებული საკანონმდებლო აქტები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან;
 გაუგებარია ტყეების კატეგორიზაციის არსებული სისტემა და ის სრულიად შეუთავსებელია ტყის მდგრადი მართვისა და ეკოსისტემური მიდგომის თანამედროვე პრინციპებთან;
 სახელმწიფოს არ გააჩნია ინფორმაცია სატყეო ფონდის ანუ ქვეყნის ტერიტორიის 43% მდგომარეობის შესახებ (10 წელზე მეტია, რაც არ ჩატარებულა ტყეთმოწყობა);
 და რაც უმნიშვნელოვანესია – ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია;
ამდენად, ქვეყნის წინაშე დგას მნიშვნელოვანი პრობლემა – შევინარჩუნოთ ტყე, გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა და მდგრადი მეტყევეობის პრინციპების დაცვით რაციონალურად გამოვიყენოდ მისი რესურსები.

 პროგრამული შეთავაზება
• საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამეცნიერო-აკადემიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შემუშავდება ,,საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
• შემუშავდება ახალი ,,საქართველოს ტყის კოდექსი”;
• გატარდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები;
• მოხდება სატყეო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

V. სოციალური სფერო

5.1. ჯანმრთელობის დაცვა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირების რთული და წინაარმდეგობრიობებით აღსავსე პროცესი. ოცწლიანი პერიოდში სამი, ნიშანდობლივი ეტაპი (1995–2003წ.წ., 2004–2012წ.წ., და 2012წ. დან დღემდე) შეიძლება გამოიყოს.
2004–2012 წლების განმავლობაში განხორციელებული უპრეცენდენტო „რეფორმების“ შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მინიმალური სამედიცინო მომსახურების გარეშე იყო დარჩენილი.ერის ჯანმრთელობა სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლეოდა, რაზედაც არაერთი ჯანმრთელობის ინდიკატორი თუ რამოდენიმე სერიოზული კვლევის შედეგი მიუთითებდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახის ბიუჯეტის სოლიდურ ნაწილს წამლების შეძენისა და ექიმებთან კონსულტაციებისათვის ხარჯავდა, ბევრს კი – საერთოდ არ გააჩნდა აუცილებელი სამედიცინო სერვისების დასაფარი სახსრები.
„ეროვნული ფორუმი“, რომელმაც ჯერ კიდევ 2009 წელს შეიმუშავა ჯანდაცვის პროგრამა, 2012 წლიდან აქტიურად ჩაება კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის სოციალური მიმართულების შემუშავების პროცესში, რაც იმას ნიშნავს რომ ის ამ პროგრამის თანაავტორია.
საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნულმა ფორუმმა“, არაერთგზის მხარი დაუჭირა კოალიციის ჯანდაცვის პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სკანონმდებლო ინიციატივებს. ამავე დროს, გარკვეულ შემთხვევებში, საკმაოდ მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონენტის როლსაც ასრულებდა.
მთლიანობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ჯანდაცვითი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი მისი დანერვის პირველ ნახევარში, რადგან წინა ხელისუფლების დროს ყოველგვარ სამედიცინო დახმარებას მოკლებულმა მოსახლეობის 1/3 უზრუნველყოფილ იქნა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროგრამის გარკვეული ნაწილი ვერ შესრულდა და ის რაც უკვე შესრულებულდა, ოპონირებას იმსახურებს. პირველ რიგში, იგულისხმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვის, დაფინანსებისა და მონიტორინგ–შეფასების ნაკლებად ეფექტიანი მოდელი, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ძალზე სუსტი სისტემა, ნაკლებად ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემა. ამ და სხვა მიზეზთა გამო არ მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება და რაც უმნიშვნელოვანესია, მისი დაბალი ხარჯთ ეფექტიანობა დღესაც პროგრესირებს.

5.1.1. საქართველოს ჯანდაცვის მთავარი პრობლემები, პროგრამული შეთავაზებები და გადაჭრის გზები მათ მოსაგვარებლად
5.1.1.1. დარგის განვითარების სტრატეგია, მართვა, მონიტორინგისა და შეფასების სისტემა
 კრიტიკული ანალიზი
• დღემდე არ მომხდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის (მთავრობის დადგენილება №724; 26.12.2014) შემდგომი განვითარება და მის საფუძველზე ჯანმრთელობის დაცვის გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
• მეორე წელია საქართველოში აღარ ქვეყნდება ოფიციალური ინფორმაცია – ეროვნული მოხსენება: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დარგის რეფორმირების პროცესების ეფექტურობის განსასაზღვრად არ იყენებს საყოველთაოდ აღიარებული მონიტორინგისა და შეფასების მიდგომებს ხოლო, ჯანმრთელობის ინდიკატორების ნაცვლად ეყრდნობა გაწეული სამედიცინო სერვისების რაოდენობრივ პარამეტრებს, ის მწირი, პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია, რომელიც ადრე წარმოდგენილი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდებზე, დღეს აღარ არსებობს.
• ჯანდაცვის პოლიტიკის გასატარებლად ცენტრალურ და პერიფერიული დონეებზე მოქმედი მართვის მოდელი ნაკლებად ეფექტიანია (მოძველებული ორგანიზაციული სტრუქტურა, პროფესიონალების დეფიციტი, მონიტორინგისა და შეფასების ნაციონალური სისტემის არ არსებობა);
• დღემდე ვერ მოგვარდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის ადექვატური სისტემის შექმნის საკითხი;
• სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების უდიდესი უმრავლესობა მოკლებულია მართვისა და ზედამხედველობისა და შეფასების სრულფასოვან კომპონენტებს;
• მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამების დიდი უმრავლესობა სუსტია;
• პირველადი ჯანდაცვის სისტემა კვლავინდებურად ნაკლებად ეფექტიანია, ხოლო მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი „სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა“, მცდელობის მიუხედავად, შედეგიანობით ვერ გამოირჩევა;
• პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაერთი პროგრამის არაერთი სისუსტე (იხილეთ ქვემოთ) უარყოფით გავლენას ახდენს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობაზე როგორც ჯანდაცვითი, ისე სამედიცინო და ფინანსური კუთხით;
• პირველადი და საზოგადოებრივ ჯანდაცვა, გარკვეული მიმართულებების გამოკლებით (მაგალითად C ჰეპატიტი) მოკლებულია ადვოკატირებას მთავრობის მხრიდან

 პროგრამული შეთავაზება
• საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგიული მიზანი იქნება: გაეროს მიერ დეკლარირებული მდგრადი განვითარების დოკუმენტის N3 მიზნისა და მისი ამოცანების შესაბამისად, თანამედროვე ტიპის ჯანდაცვის სისტემის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს: სამედიცინო დახმარების ხარისხისა და მისაწვდომობის გაზრდას, წამლებით მომარაგების გაუმჯობესებას, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კუთხით საზოგადოების კეთილდღეობას, დაავადებების და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მატარებელი მდგომარეობების თავიდან აცილებას.
• ქვეყნის ჯანდაცვის სტრატეგიული მიზნის მიღწევის ერთ–ერთ ცენტრალურ ამოცანას საყოველთაო/უნივერსალური ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის სრული მოცვა, ფინანსური რისკებისგან დაცვა წარმოადგენს.
• საყოველთაოდ აღიერებული ჯანდაცვითი სტრატეგიების, რეალური ვითარებისა და ქვეყანაში დარგის რეფორმირების გამოცდილების გათვალისწინებით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, შემუშავდება საქართველოში ჯანდაცვის გრძელვადიანი (10 წლიანი) სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
• საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მახასიათებლები იქნება:
_ ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების საყოველთაო და თავისუფალი ხელმისაწვდომობა;
_ სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი;
_ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საყოველთაო ჯანდაცვის ბაზისური/უნივერსალური პაკეტითა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის ქსელით ოპერირება;
_ სახელმწიფო და კერძო სისტემებისათვის კონკურენტული გარემოს შექმნა;
_ დამატებითი მომსახურების თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა;
• მკაფიოდ გაიმიჯნება ჯანდაცვის სფეროში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციები;
• მაღალი პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის, ასევე რეგისტრაცია და ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების (ოპერატიული კვლევების გამოყენებით) თანამედროვე სისტემების შექმნასა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხებს;
• დაინერგება სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანდაცვითი პროგრამების მართვისა და კოორდინაციის განახლებული მოდელი;
• თვისობრივად გაუმჯობესდება და გააქტიურდება მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების საქმიანობა,რომელნიც ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე განახორციელებენ ლოკალური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესწავლასა და ანალიზს, პრობლემების იდენტიფიცირებას და ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლებისათვის მიწოდებას.ეს დეპარტამენტები კოორდინაციას გაუწევენ პირველადი ჯანდაცვის ლოკალურ ქსელებს,რომლებიც ჩაბმული იქნებიან როგორც ჩვეული და ხშირი დაავადებების მკურნალობის, ისე რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
• აქტუალიზებულ იქნება მოხდება რაიონული და რაიონთაშორისი მუნიციპალური სამედიცინო დაწესებულებები შექმნის საკითხი

5.1.1.2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

 კრიტიკული ანალიზი
• სადღეისოდ არსებული რამდენიმე კვლევისა და მისიის შეფასებების მიხედვით, პროგრამა ხარჯთ-ეფექტურობით არ გამოირჩევა და რაც საგულისხმოა, მთავრობის მხრიდან არც ერთი შედეგიანი ნაბიჯი არ გადადგმულა სახელმწიფო სახსრების რაციონალად ხარჯვის მოწესრიგების მიზნით;
• მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში პროგრამული დანახარჯები 2015 და 2016 წლებში მაღალი არ არის (შესაბამისად 1,8% და 3,1 %). ამავე დროს, პროგრამის ბიუჯეტის ზრდის ტემპების გათვალისწინებით (მშპ-ან მიმართებაში დაახლოებით 1%-ანი ზრდა), ახლო მომავალში დანახარჯებმა, შესაძლოა საგანგაშო ნიშნულს მიაღწიოს. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით პროგრამის ფარგლებში დახარჯული იქნა 200 მილიონამდე ლარი. ასეთი ტემპით ხარჯვის გაგრძელების შემთხვევაში, 2016 წლის ბოლომდე საჭირო იქნება დაახლოებით 680 მლნ. ლარი, ანუ დაგეგმილზე 105 მლნ-ით მეტი;
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ქვეგანაყოფებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს, ერთეული გამონაკლისების გარდა, არ გააჩნიათ ამ პროგრამის დაგეგმვის, დანერგვის, მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგისა და შეფასებისათვის აუცილებელი ორგანიზაციური სტუქტურა, პროფესიონალური და ფინანსური რესურსები;
• პროგრამა ორიენტირებულია ხარჯიან სტაციონარულ სერვისებზე და არა ამბულატორიულ მომსახურებაზე, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებას მაღალი პრიორიტეტულობა არა აქვს მიკუთვნებული. ყოველივე ეს პროგრამის სერიოზულ ნაკლს წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის საყოველთაო ჯანდაცვის ძირითად პრინციპებთან;
• პროგრამის ამბულატორიული კომპონენტში პრობლემატურია პირველად ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და მათი ადეკვატურობა:
 პროგრამული გამოკვლევებისა და, პირველ რიგში, მედიკამეტური მკურნალობის სიმწირის გამო, პაციენტების დიდ ნაწილს (განსაკუთრებით ქრონიკული ფორმებით შეპყრობილთ), ფინანსური მიზეზით უჭირს „პროგრამგარეშე“ წამლების შეძენა და დამატებითი გამოკვლევა/კონსულტაციების ჩატარება; ამავე მიზეზით, სტაციონარიდან გამოწერილი პაციენტები ამბულატორიულ ფაზაზე გადასვლის დროს ვერ აგრძელებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რაც მდგომარეობის დამძიმების, დაავადების რეციდივის და შესაბამისად განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის რისკების შემცველია;
 სოფლად, დასახლების დაბალი სიმჭიდროვის პირობებში, განსაკუთრებით კი, მთიან არეებში, არასაკმარისია სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების კომუნიკაციის სიხშირე, ზოგადად გარკვეული სპეციალიზაციის სამედიცინო პერსონალის დეფიციტი (მაგალითად: მედდები, „პარასამედიცინო პუნქტების“ ერთეულების არ არსებობა) პროფესიონალური მომზადების არასაკმარისი დონე და სუსტი მოტივაცია, უარყოფით ზეგავლენას ახდენს სამედიცინო სერვისების მისაწვდომობასა და მათ ხარისხზე;
 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაციონარული დახმარებისათვის სამკურნალო დაწესებულებების შერჩევისა და დაფინანსების მეთოდები, ასევე ჰოსპიტალური სერვისების შინაარსი და მოცულობები, ხშირად არასრულფასოვანია, მოკლებულია საჭირო კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტს.

 პროგრამული შეთავაზება:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფა, ამბულატორიული კომპონენტის რეფორმირება
• რადიკალურად შეიცვლება და გაუმჯობესდება პროგრამით განსაზღვრული ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების შინაარსი და მოცულობები, რომელიც მოექცევა სახელმწიფო სტანდარტის ფორმაში. რეალისტურად და კომპეტენტურად განისაზრვრება თანაგადახდის მოცულობები და წესები;
• პროგრამის რეალური რეორიენტაცია პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით და ამბულატორიული სამსახურის გაძლერება (იხილეთ ქვემოთ) არაერთი პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ისე პროგრამის სტაციონარული კომპონენტის ფინანსური წნეხის მნიშვნელოვანი შემსუბუქებების თვალსაზრისით;
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამბულატორიულ კომპონენტში განზრახულია: გარკვეული მწვავე და ქრონიკული დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შემდგომ სტაციონარიდან გაწერილი პაციენტებისათვისა უცილებელი გამოკვლევებისა და მედიკამენტების სრული ან ნაწილობრივი (თანაგადახდა) სახელმწიფო დაფინანსება.
• მნიშვნელოვნად გაიზრდება პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის დაფინანსება;
• საყოველთაო ჯანდაცვის, საზოგადოებრივი და სხვა სახელმწიფო პროგრამების ამბულატორიული სერვისების მოსახლეობისათვის მიწოდება მოხდება ტერიტორიული პრინციპის მაქსიმალურად დაცვით;
• მოხდება ოჯახის და პირველ რიგში, სოფლის ექიმების გუნდების გაძლიერება (მედდებით, პარასამედიცინო პერსონალით, მაგალითად „ოუტრიჩ–მუშაკებით“ [outreach worker] );
• იმ დასახლებებში,სადაც ტერიტორიული სიშორის, რელიეფის ან სხვა მიზეზთა გამო შეუძლებელია მოსახლეობისა და ექიმის ან მედდის სრულფასოვანი თანამშრომლობა, მოეწყობა პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონალური ერთეულები („პარასამედიცინო პუნქტები“);
• მნიშვნელოვნად გაიზრდება ამბულატორიულ სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება. დაინერგება ეკომონიკური მოტივაციის მოდელი, რომლის მიხედვითაც სარგოს ოდენობა დამოკიდებული იქნება შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, მის ხარისხზე და შემსრულებლის კვალიფიკაციაზე;
• გეგმაზომიერად და ეტაპობრივად (საპილოტე პროექტების სახით) მოხდება “ეროვნული ფორუმის“ ჯანდაცვისა და მართვის სპეციალისტებისა და იტალიელი პარტნიორების მიერ შემუშავებული პროექტის „TELEMED-GEO, Telemedicine in Georgia a Challenge to Improve Health Care“ კომპონენტების დანერგვა;
• განზრახულია ჯანმო–ს მიერ რეკომენდირებული და არაერთი ქვეყნის წარმატებული პრაქტიკით დადასტურებული ტელე, მობილური და ელექტრონული მედიცინის სახელმწიფო ჯანდაცვითი პოლიტიკის დონეზე აყვანა, რის შედეგადაც:
 ამბულატორიულ სექტორში მოხდება პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაზრდა და დროულობის მკვეთრი გაუმჯობესება, ამ დახმარების მოცულობისა და ხარისხის გაზრდა (ოჯახის/სოფლის ექიმის კონსულტაცია, ანალიზები და გამოკვლევები, რაციონალური მედიკამენტური მკურნალობა, პაციენტზე ზედამხედველობა, სკრინინგ პროგრამაში ჩართვა, სპეციალისტთა კონსულტაციები, სამედიცინო კონსილიუმები);
 პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარებისა და ატესტაციის თანამედროვე, ეფექტური საშუალებებით;
 ამბულატორიულ სექტორს ექნება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და კონტროლის უზრუნველყოფის, რეგისტრაცია–ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების თვისებრივად ახალი მოდელი.
5.1.1.3. ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები განვითარება
 კრიტიკული ანალიზი
• ქვეყანაში დღემდე არ არსებობს დარგისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროფესიონალური განვითარების პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
• საქართველოში მოქმედი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს;
• პერიფერიულ დონეზე ფიქსირდება ექიმთა გარკვეულ სპეციალობათა დეფიციტი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავებული მოდელი ნაკლებად ეფექტურია;
• თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ დარგი მაღალი კვალიფიკაციის მედდებსა და შესაბამისად მომზადებულ უმცროს სამედიცინო პერსონალს საჭიროებს.

 პროგრამული შეთავაზება
• ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდება ჯანდაცვასა და მედიცინაში პროფესიონალური განვითარების სახელმწიფო პროგრამა და მისი სამოქმედო გეგმა;
• ამ პროგრამის მიხედვით შემუშავდება და დაინერგება უწყვეტი სამედიცო განათლების თანამედროვე მოდელი, რომელშიც გამოყენებულ იქნება როგორც ტრადიციული სასწავლო მეთოდოლოგია, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები (ონლაინ-კურსები, ვებინარები, ვიდეოკონფერენციები, ტელემდიცინა და სხვ.), ხოლო გამოყენებული სასწავლო კურსები დაეფუძნება შესაბამის დარგებში უკანასკნელი სამეცნიერო კვლევებით მიღებულ მტკიცებულებებს;
• სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდება საექთნო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა (პროფესიის ადვოკატირება, პროფესიული განათლების სისტემის სრულყოფა, სერტიფიცირება).

5.1.1.4. სამედიცინო მეცნიერება

 კრიტიკული ანალიზი
• სამწუხაროდ, უკვე ტრადიციულად, სამედიცინო მეცნიერება და მისი განვითარება სახელმწიფოსათვის ჯერ ვერ იქცა პრიორიტეტად.
 სახელმწიფო გრანტებით ფინანსდება ფაქტიურად მხოლოდ ფუნდამენტური ტიპის სამეცნიერო კვლევები, რომელთაც არ გააჩნიათ დაუყოვნებელი ეფექტი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
 აკადემიურ სექტორში არ არსებობს სამეცნიერო კვლევების წარმოების სტიმულირების მექანიზმი. აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნა ხდება სამეცნიერო მუშაობის გამოცდილების გათვალისწინების გარეშე;
 მოწყობილობების, რეაქტივებისა და სახარჯი მასალების ქვეყანაში შემოტანის გართულებული რეგულაციები მწირ დაფინანსებასთან ერთად იწვევს კვლევათა ღირებულების ხელოვნურ გაზრდას და თანამედოვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის გართულებას, რაც საბოლოო ჯამში ქმნის არაკეთილსაიმედო გარემოს სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის;
• კვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება დღეს შეუძლებელია ამ უკანასკნელთა კვლევით საქმიანობაში ჩართვის გარეშე. სამეცნიერო კვლევის კომპონენტი დიპლომამდელი განათლების სისტემაში უმნიშვნელოა ვინაიდან: i) მას არ ითვალისწინებს სასწავლო პროგრამა; ii) უნივერსიტეტების მიერ კვლევებისათვის გამოყოფილი სახსრები ძალზე მცირეა; iii) პროფესორების უმრავლესობა არ არის ჩართული რეალურ სამეცნიერო მუშაობაში და მხოლოდ სწავლების საკითხებზეა ორიენტირებული;
• ქართველ მეცნიერთა ის პუბლიკაციები, რომელიც შეესაბამება საყოველთოდ აღიარებულ მოთხოვნებს, ერთეულია;
• დღეს მოქმედი დოქტორანტურის მოდელი პრაქტიკულად არც ერთი პარამეტრით არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ხოლო წარმოებული „პროდუქცია“, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, კონკურენტუნარიანი არ არის საერთაშორისო ასპარზზე; დოქტორის ხარისხის მოპოვებისათვის არსებული მოთხოვნები მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს;
• უნივერსიტეტებში მოქმედი აკადემიური საბჭოები უმრავლეს შემთხვევაში გადაქცეულია კონსერვატორულ, „ჩაკეტილ“ ჯგუფებად, რომელთაც არ გააჩნიათ მოტივირება, მოიზიდონ ახალი, ჯანსაღი ადამიანური რესურსები აკადემიურ სივრცეში. აკადემიურ სექტორში დასაქმებული მკვლევარებისა და პროფესორ/მასწავლებლების საშუალო ასაკი საკმაოდ სოლიდურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროული რეაგირების გარეშე ამ საკითხის დატოვება უახლოეს მომავალში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების დეფიციტს შექმნის.

 პროგრამული შეთავაზება
• ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით შემუშავდება საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი (10 წლიანი) სტრატეგია და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმა;
• სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდება პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა;
• გამარტივდება სამეცნიერო პროდუქციის შემოტანასთან (აპარატურა, რეაქტივები, სახარჯი მასალის და ა.შ.) დაკავშირებული კანონმდებლობა და მნიშვნელოვნად დაიხვეწება ასეთი პროდუქციის დაბეგვრის მექანიზმი;
• სახელმწიფოს მიერ შემუშავდება უნივერსალური მინიმალური მოთხოვნები უნივერსიტეტებში სამედიცინო სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტულობა და სტიმულირებასთან დაკავშირებით (სასწავლო პროგრამებში კვლევის კომპონენტის შეტანა; აკადემიური პერსონალის შერჩევის კონკურსებში პროფესორის მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების და გამოქვეყნებული მასალების უპირატესობად აღიარება; აკადემიური საბჭოების დაკომპლექტების მექანიზმის განახლება;დოქტორის ხარისხის მოპოვებისათვის არსებული მოთხოვნების „გამკაცრება“.

5.1.1.5. ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ინსტიტუტი
ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე განახლებისა და განვითარების პერმანენტული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ან ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიმნება ჯანმრთელობისა ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ინსტიტუტი რომელიც:
 მაღალი ხარისხის საკონსულტაციო (ტექნიკურ) დახმარებას გაუწევს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, არასახლმწიფო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეს სახელმწიფო მნიშვნელობის ჯანდაცვითი, სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების თუ პროგრამების შემუშავებასთან, დანერგვასთან და შეფასებასთან დაკავშირებით;
 განახორციელებს ან კოორდინაციას გაუწევს:
_ სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა ჯანდაცვით პროგრამებს;
_ ჯანდაცვითი პროგრამების ან პროექტების შემაფასებელ ოპერატიულ კვლევებს;
_ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციას;
_ მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო დონის კვლევების წარმოების სასწავლო პროექტებს;
_ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამეცნიერო კვლევებს.
 წამყვან როლს შეასრულებს ექიმთა სერტიფიცირების პროცესებში.
• ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ინსტიტუტში იქნება რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების დეპარტამენტი და ოპტიმალური საშტატო განრიგის მქონე ადმინისტრაცია.
• ინსტიტუტში შესაბამისი პროექტების/პროგრამების ფარგლებში შესაბამისი ვადით დასაქმდებიან უნივერსიტეტის ან/და სხვა დაწესებულებების სათანადო კვალიფიკაციის პროფესორები, მასწავლებლები, მკვლევარები.
• ინსტიტუტთან შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტის ადეკვატური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია.
• ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსირების წყაროები: სახელმწიფო დაკვეთები და გრანტები, საერთაშორისო პროექტებისა და გრანტების რესურსები, ბიუჯეტი.

5.2. სოციალური დაცვა
5.2.1. საპენსიო სისტემის მოწესრიგებისა და რეფორმირების ღონისძიებები
• მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. საპენსიო სფეროში გატარებული პოლიტიკა ნათლად წარმოაჩენს ხელისუფლების და საზოგადოების დამოკიდებულებას მის წარსულთან და მის მომავალთან. საპენსიო სისტემამ მოქალაქეს სიბერის ასაკში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამ პრინციპის რეალიზაცია კულტურული და ჰუმანური საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა, ვინაიდან ის თაობებს შორის განამტკიცებს კავშირს და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობების აღების მეშვეობით რეალიზდება. „ეროვნულ ფორუმს“ მიაჩნია, რომ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა, როდესაც მოქალაქეები თავისი შრომისუნარიანი ასაკის განმავლობაში სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სქემაში მონაწილეობით თვითონვე ქმნიან სიბერის მიღწევისას მათთვის საჭირო საპენსიო ფონდს, უფრო მეტად სამართლიანი და ეკონომიკურად გამართლებული მექანიზმია. პარალელურად, შესაძლებელია არსებობდეს ნებაყოფლობითი, კერძო საპენსიო სადაზღვევო სქემები, რომლებშიც მოქალაქეები თავისი პირადი ნებაყოფლობითი შენატანებით უზრუნველყოფენ სიბერის მიღწევისას მათთვის ინდივიდუალურ დამატებით საპენსიო პაკეტს.
• ამასთან, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სრულად გადასვლა, იმ ფონზე, როდესაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა პენსიონერთა რაოდენობაზე ნაკლებია (20%-ით) და ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენს, სრულფასოვნად ვერ განხორციელდება და მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებსაც შეიცავს.
• როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემის, როგორც ქვეყანაში საპენსიო უზრუნველყოფის საბაზისო სისტემის ეფექტური ფუნქციონირება შესაძლებელი გახდება, როდესაც, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვალობაზე, შრომისუნარიანი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი დასაქმებული იქნება ეკონომიკის ფორმალურ სექტორში, ხოლო სავალდებულო საპენსიო შენატანის გადამხდელთა რაოდენობა 1,5-ჯერ მაინც გადააჭარბებს პენსიონერთა რაოდენობას, რაც არსებული ეკონომიკური პროგნოზებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვერ იქნება მიღწეული.
• ამასთან, ცხადია ისიც, რომ დემოგრაფიული პროგნოზებით, საქართველოში მოსახლეობის მზარდი დაბერების კოეფიციენტის პირობებში, შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობის კლების ფონზე პენსიონერთა რაოდენობის ყოველწლიური მატება უკვე სტაბილურად ჩამოყალიბებული ტენდენციაა, რაც პენსიის ოდენობის მუდმივი ზრდის საჭიროების პირობებში ბიუჯეტიდან უფროდაუფრო მნიშვნელოვან დამატებით სახსრებს მოითხოვს. ხოლო საბიუჯეტო ხარჯებში საპენსიო ხარჯების ხვედრითი წილის ყოველწლიური მატება ეკონომიკური განვითარების წახალისებისათვის ხელისუფლების შესაძლებლობებს უფროდაუფრო შეამცირებს. აღნიშნული მზარდი დისპროპორცია, კრიტიკული ზღვარის გადალახვის შემთხევაში, ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. ამდენად, საქართველოს საპენსიო სფეროში არსებული მდგომარეობის ტენდენცია აშკარად მოითხოვს შესაბამისი რეფორმების დროულ დაწყებას.
• აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ცხოვრების დონის, სოციალური პრობლემებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების პროგნოზების გათვალისწინებით „ეროვნული ფორუმის“ მიერ შემუშავებული იქნა საპენსიო სფეროში ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებების გეგმა, რომელიც გარდამავალი პერიოდისათვის ითვალისწინებს შერეული – სამკომპონენტიანი საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას და საზოგადოებას განსახილველად წარვუდგენთ შემდეგი სახით:
5.2.1.1. არსებული საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია
• არსებული საპენსიო სისტემის ნაწილში კანონით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საბაზისო პენსიის დადგენის წესი. არსებული პრაქტიკით პენსიის ოდენობას ყოველწლიურად ადგენს ხელისუფლება, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. ეროვნულ ფორუმს მიაჩნია, რომ ასაკით პენსიონერებისათვის საბაზისო სოციალური პენსიის გაანგარიშებას უნდა გააჩნდეს მყარი და მკაფიო ეკონომიკური საფუძველი. კერძოდ, ასაკით პენსიონერებისათვის საბაზისო სოციალური პენსია უნდა განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დაანგარიშებული ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წინა წლის საშუალო ხელფასის 25%-ის ოდენობით. ჩვენ ამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ საშუალო სტატიტიკური ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან – დედა, მამა და ორი შვილი, მამა მუშაობს, დედა შვილებს უვლის. მაშინ ოჯახის თითეურ წევრზე მოდის მამის ხელფასის 25%.
ასევე, სოციალური პენსიის მიმღებ სხვა კატეგორიებზეც პენსიის გადაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი სახით:
 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I კატეგორიის მქონე პირთა პენსიები უნდა განისაზღვროს – საბაზისო სოციალური პენსიის ოდენობით (ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წინა წლის საშუალო ხელფასის 25%-ის ოდენობით);
 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე II კატეგორიის მქონე პირთა პენიები უნდა განისაზღვროს – ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წინა წლის საშუალო ხელფასის 20%-ის ოდენობით;
 მარჩენალდაკარგულ თითოეულ პირზე (18 წლის მიღწევამდე) დადგენილი სოციალური პენსია უნდა განისაზღვროს – ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წინა წლის საშუალო ხელფასის 20%-ის ოდენობით;
 დედ-მამით ობოლ (მარჩენალდაკარგულ) თითოეულ პირზე (18 წლის მიღწევამდე) დადგენილი სოციალური პენსია უნდა განისაზღვროს – საბაზისო სოციალური პენსიის ოდენობით (ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წინა წლის საშუალო ხელფასის 25%-ის ოდენობით);
 მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის მქონე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ პენსიონერებს საბაზისო სოციალურ პენსიის თითოეულ კატეგორიაზე უნდა დაემატოთ 30%, ანუ მათი პენსიის ოდენობა უნდა განისაზღვროს საბაზისო სოციალური პენსიის 130%-ის ოდენობით;
 სხვა კატეგორიის სოციალური პენსიების გაანგარიშება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული წესით დადგენილი საბაზისო სოციალური პენსიის საფუძველზე;
• სოციალური პენსიის დაანგარიშების შემოთავაზებული მექანიზმის შემთხვევაში, ყოველწლიური პენსიის ოდენობა არ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე და მისი ყოველწლიური ინდექსაცია მოხდება ქვეყანაში ცხოვრებისა და შემოსავლების დონეებში მიმდინარე ცვლილებების ადექვატურად. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება საპენსიო ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსავლების პროპორციული დინამიკა.
5.2.1.2. სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა
არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაციის პარალელურად ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მზადება სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესაქმნელად. ამ მიზნით, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმის მიერ შემუშავებული იქნა შემდეგი რამოდენიმე საფეხურიანი გეგმა:
• სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სქემაში მონაწილეობის უფლება ექნებათ საქართველოში დაქირავებით მომუშავე 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს;
• სავალდებულო შენატანების ოდენობები და მისი ცვლილების გრაფიკი:
 რეფორმის დაწყების პირველ წელს სავალდებულო შენატანების ოდენობა უნდა იყოს დაქირავებით დასაქმებულის ხელფასის 2% და ის უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ. რეფორმის პირველ წელს სახელმწიფოს მიერ საპენსიო შენატანების გადახდის დაწყება შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს ახალი სისტემის მიმართ მოქალაქეებში ნდობის გაჩენისა და ახალი სისტემის მიმართ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად;
 რეფორმის დაწყებიდან 2-5 წლებში სავალდებულო შენატანების ოდენობა უნდა იყოს დაქირავებით დასაქმებულის ხელფასის 8% და მას გადაიხდის: დასაქმებული – 5%, სახელმწიფო – 3%;
 რეფორმის დაწყებიდან 6-10 წლებში სავალდებულო შენატანების ოდენობა უნდა იყოს დაქირავებით დასაქმებულის ხელფასის 15% და მას გადაიხდის: დასაქმებული – 10%, სახელმწიფო – 5%;
 რეფორმის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ სავალდებულო შენატანების ოდენობა უნდა იყოს დაქირავებით დასაქმებულის ხელფასის 20% და მას გადაიხდის: დასაქმებული – 15%, სახელმწიფო – 5%;
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სადაზღვევო შენატანების ინდივიდუალური აღრიცხვა, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს მის საპენსიო ბარათზე არსებული ფინანსური მდგომარეობა. სადაზღვევო სქემაში მონაწილე მოქალაქეებს მათ საპენსიო ბარათზე ინფორმაციული წვდომა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ ნებისმიერ დროს;
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სავალდებულო საპენსიო დაზღვევის ფონდის სახსრების მაღალლიკვიდურ და დაბალრისკიან აქტივებში განთავსების მექანიზმების შექმნა. ამ მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია აღნიშნული სახსრების შესაძლო განთავსების მიმართულებები განისაზღვროს კანონით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საპენსიო სახსრების შესაძლო განთავსების მიმართულებები პირველ ეტაპზე, შემოიფარგლოს შემდეგი სამი მიმართულებით:
 სახაზინო ვალდებულებები;
 საქართველოში ჰიდროენერგეტიკული კომპანიების აქციების შეძენა. მათ შორის, მათ მშენებლობაში მონაწილეობის გზით;
 საქართველოს რკინიგზის და პორტების აქციების შეძენა;
ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ დაგროვებითი საპენსიო ფონდების ინვესტირების მიმართულებები საზოგადოების უმეტესი ნაწილის პირდაპირ ინტერესებს უკავშირდება, რის გამოც ამ საკითხის განხილვებში ჩართული უნდა იქნას საზოგადოების და მეცნიერების ფართო წრეები და საკითხი გადაწყდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის პირობებში.
• აღნიშნულ მომგებიან აქტივებში განთავსებით მიღებული მოგება ყოველწლიურად პირად საპენსიო ბარათებზე უნდა დაერიცხოთ საპენსიო სქემაში მონაწილე მოქალაქეებს.
• სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სქემაში მონაწილეობით მოქალაქეები ხანდაზმულობის ასაკის მიღწევამდე შექმნიან საკუთარ საპენსიო ფონდს. ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისას მათ ექნებათ შემდეგი არჩევანი: თუ მოქალაქე აირჩევს პენსიის მიღებას მისი სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემიდან, მაშინ მას არ მიეცემა მინიმალური სახელმწიფო სოციალური პენსია, ხოლო თუ მოქალაქე უარს განაცხადებს საკუთარი სადაზღვევო სქემიდან პენსიის მიღებაზე და აირჩევს მინიმალურ სოციალურ პენსიას, მაშინ მისი სადაზღვევო სქემით დაგროვებული თანხა გადაეცემა სახელმწიფოს.
• საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოთავაზებული მექანიზმი ოპტიმალურია. თუმცა, აღნიშნული სქემის დანერგვა ამ ეტაპზე შესაძლებლად არ მიგვაჩნია. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როცა:
 ეკონომიკის ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1.5-ჯერ მაინც გადააჭარბებს ასაკით პენსიონერთა რაოდენობას;
 და მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით რეალური მშპ გაიზრდება 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით მინიმუმ- ორჯერ მაინც.
5.2.1.3. ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემა
სოციალური და სავალდებულო სადაზღვევო საპენსიო სისტემების პარალელურად შესაძლებელი იქნება ნებაყოფლობით, ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში მოქალაქეების ჩართვა. აღნიშნული მიმართულება ამჟამადაც ფუნქციონირებს და სახელმწიფომ ამ მიმართულების განვითარება უფრო მეტად უნდა წაახალისოს.
_ ამდენად, ზემოთ შემოთავაზებული მექანიზმით დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამდე მოქალაქეები პენსიას მიიღებენ პირველი სქემით, ანუ მიიღებენ საშუალო ხელფასის საფუძველზე დაანგარიშებულ სოციალურ პენსიას, რაც იქნება ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 25% და უზრუნველყოფს ხანდაზმულთა მინიმალურ სოციალურ გარანტიებს.
_ ამასთან, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შესაბამისი მაჩვენებლების მიღწევის შემდგომ დაიწყება სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა და ერთმანეთის პარალელურად იარსებებს მინიმალური სოციალური პენსიის სისტემა და სავალდებულო დაგროვებითი სადაზღვევო პენსიის სისტემა.
_ დაგროვებითი სადაზღვევო სისტემიდან პენსიების გაცემის დაწყების მომენტისთვის, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიმღებთა რაოდენობა იქნება პენსიონერთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 50%.
_ ამასთან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემდგომი ზრდის კვალობაზე ეს რიცხვიც ეტაპობრივად გაიზრდება, რაც სავალდებულო სადაზღვევო საპენსიო სქემას ქვეყნის საპენსიო სისტემის საბაზისო ნაწილად გადააქცევს. აღნიშნული ტენდენცია კი – ეტაპობრივად შეამცირებს ბიუჯეტზე სოციალური ხარჯების ზეწოლას და ქვეყნის საფინანსო სისტემის გაჯანსაღების წინაპირობა გახდება.

5.2.2. მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნობრივი პოლიტიკა
• საქართველოში სიღარიბე ჯერ კიდევ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობა სცდება სოციალური თემატიკის სფეროს და მისი შემსუბუქება უმნიშვნელოვანეს საერთო-სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს. ეკონომიკის პოლარიზებული სტრუქტურის პირობებში საბაზრო მექანიზმები ვერ ახერხებენ საერთო ეროვნული დოვლათის სამართლიან გადანაწილებას, რათა მოსახლეობის ფართო ფენები უზრუნველყონ მინიმალურად აუცილებელი შემოსავლებით.
• მიგვაჩნია, რომ საუკეთესო სოციალური პოლიტიკა მოქალაქეების დასაქმების აქტიური პოლიტიკის რეალიზაცია და მოქალაქეთათვის ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაა, როდესაც ისინი თვითონ შეძლებენ საკუთარი შემოსავლების ღირსეულად გამომუშავებას. თუმცა, დასაქმების უკიდურესად დაბალი მაჩვენებლების, შემოსავლების გადანაწილების სტრუქტურაში არსებული მნიშვნელოვანი დისპროპორციებისა და ინფლაციის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური სოციალური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
• ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოში ბავშვთა უფლებებისა და მათი სოციალური მდგომარეობის საკითხები. საქართველოში ბავშვები უფრო მეტად არიან სიღარიბის რისკის წინაშე, ვიდრე საზოგადოების ნებისმიერი სხვა ჯგუფი. UNICEF-ის კვლევების მიხედვით საქართველოში 225 ათასამდე ბავშვი სიღარიბის ეროვნული ზღვრის მიღმა ცხოვრობს (დღეში 4.5 ლარი ან ნაკლები). მართალია, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2013 წლის 9 პროცენტიდან 6 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ბავშვებში სიღარიბის ეროვნული მაჩვენებელი იმავე პერიოდში 25-დან 27 პროცენტამდე გაიზარდა. ბავშვებში სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ამცირებს ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას. ასევე, ჯერ კიდევ მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
• აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ეფექტიანი და საჭიროებებზე ორიენტირებული მიზნობრივი სოციალური დაცვის პოლიტიკა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული დახმარება აუცილებლად ესაჭიროებათ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
 უნდა დაიხვეწოს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების გამოვლენის არსებული სისტემა და სოციალური დახმარებები მიიმართოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებას აუცილებლად საჭიროებენ;
 სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური მხარდაჭერისა და მათი სოციალური ინტეგრაციის საკითხებს;
 განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს ბავშვებში სიღარიბის აღმოფხვრის ღონისძიებები. ბავშვებში სიღარიბის მასშტაბების შესამცირებლად და მისი ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყენებული უნდა იქნას UNICEF-ის გამოცდილება და მისი შესაბამისი პროგრამები. სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა მიმართოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის არსებული საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად. ბავშვებისათვის მინიმალური სოციალური გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
 სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს ქვყანაში არსებული თითოეული მარტოხელა ადამიანი და მათ, საჭიროებების მიხედვით, მიზნობრივად უნდა დაეხმაროს;
 უნდა შემუშავდეს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები უსახლკარო ადამიანების გამოვლენისა და მათი მიზნობრივი დახმარებისათვის;
 განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი უნდა გახდეს მრავალშვილიანი ოჯახები. სახელმწიფომ მრავალშვილიან ოჯახებს ღირსეული დახმარება უნდა აღმოუჩინოს. მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები უზრუნველყოფილი უნდა იქნან ყველა საჭირო მინიმალური სოციალური გარანტიებით.

• საქართველოს სახელმწიფოსათვის თითოეული ოჯახის და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა უპირველესი ღირებულებაა. სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც მძიმე სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება, პატივისცემით უნდა მოეპყრას და მათ ღირსეული მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ამიტომაც, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სტანდარტული მინიმალური სოციალური პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს ერთიანი.

VI. საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები და მიგრაციის საკითხები

6.1 ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები
 არსებული მდგომარეობა
• 1992-93 წლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, 300 000 – მდე საქართველოს მოქალაქემ იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ქალაქებსა და სოფლებში, ცხოვრობს 90 000- მდე დევნილი ოჯახი. რამდენიმე ათეული ათასი დევნილი ცხოვრობს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში.
• განვლილი 23 წლის მანძილზე, სახელმწიფომ 30 000 მდე ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა შეძლო. დაახლოებით 20 000 მდე ოჯახმა საკუთარი ძალებით მოახერხა მუდმივი საცხოვრებელი ფართის შეძენა.
• 40 000 მდე ოჯახი დღემდე ცხოვრობს დროებით საცხოვრებელში, სახელმწიფო ან კერძო საკუთრების შენობა-ნაგებობებში, ნათესავებთან ან დაქირავებულ ბინებში.
• სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო ხედვა, კონკრეტული გეგმა, თუ რამდენ ხანში შეუძლია გადაწყვიტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების საკითხი ან მანამდე მათთვის მუდმივად საცხოვრებელი და ღირსეული პირობების შექმნა.
• მდგომარეობას ამძიმებს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად დევნილთა რაოდენობას ემატება დაახლოებით 530 მდე ახალი დევნილი (450 მდე ახალშობილი, 80 მდე ახლად რეგისტრირებული, გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი თვეში 80) რომელთა 65% უბინაოა, შესაბამისად სახელმწიფოს ემატება ყოველთვიურად დაახლოებით 4400 კვმ, ხოლო წელიწადში 52 800 კვმ საცხოვრებელი ფართობის შექმნის და დევნილთათვის უსასყიდლოდ გადაცემის ვალდებულება. რაც საშუალოდ 900-მდე საცხოვრებელი ბინის ტოლფასია (17 სამ სადარბაზოიანი 9 სართულიანი კორპუსი) და დროში ზრდადი ციფრია, ახალშობილ დევნილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად.
• სახელმწიფოს მიერ 23 წლის მანძილზე გაცემული 30 000 ბინიდან, დაახლოებით 21 000 ბინა, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი სასტუმროებისა და სხვადასხვა სახელმწიფო საკუთრების შენობა ნაგებობებიდან გადაეცათ დევნილებს, ხოლო დანარჩენი 9 000 მდე გადაცემული ბინიდან 50% -ზე მეტი საერთაშორისო დახმარების ხარჯზე შექმნილი საცხოვრებელია.
• ძველი შენობა-ნაგებობების რესურსი ამოწურულია. საერთაშორისო დონორების მხრიდან დახმარებები შეწყდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, პრობლემა ღრმავდება და შესაბამისად შედის ჩიხში.
• საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და დარჩენილი, სახელმწიფო და ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არაა აღრიცხული, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არაა სისტემატიზირებული და შესაბამისად, სახელმწიფო საჯარო რეესტრში დაფიქსირებული.
• საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და ღირსეული პატივის მიგების შედეგები სავალალოა. განვლილ პერიოდში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საშუალებით, კონფლიქტის ადგილებიდან გადმოსვენებული, ტრადიციისამებრ პატივმიგებული და დაკრძალულია 200 მდე მეომრის ნეშტი. საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაცემებით, ქართული მხარის მიერ იძებნება 1800 მეომრის ცხედარი. საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში 2013-14 წლებში მიღწეული წარმატება (შეთანხმების შედეგად განხორციელდა 37 ცხედრის გადმოსვენება ბაბუშერის აეროპორტის და სხვა სამარხებიდან) სამწუხაროდ ვეღარ განვითარდა შემდეგ წლებში.

 პროგრამული შეთავაზებები და გადაჭრის გზები
• სახელმწიფომ აქტიური და გონივრული საერთაშორისო, სამეზობლო პოლიტიკის წარმოებით უნდა უზრულველყოს დევნილთა მშობლიურ ადგილზე ღირსეული დაბრუნება.
• აუცილებელია კანონით განისაზღვროს, უბინაო დევნილი ოჯახების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების რეგლამენტი, რომლითაც დაზუსტდება დროის კონკრეტული მომენტისათვის უსასყიდლოდ გადასაცემი ბინების რაოდენობა. ამის შემდეგ, დევნილის სტატუსის მინიჭება აღარ წარმოქმნის სახელმწიფოსათვის უპირობო ვალდებულებას, მუდმივად, ყველა თაობისათვის და ნებისმიერ დროს მიღებული დევნილის სტატუსის გამო, მათი საბინაო პირობების უზრუნველყოფის შესახებ.
• პირობადებული ვალდებულება განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით, რომლითაც დეტალურად გაიწერება დევნილი ოჯახების სამართლიანი და დროული განსახლების გეგმა. [დღეს არსებული მდგომარეობით 40 000 უბინაო ოჯახის ბინით უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის დასახლებებში, 25 000 ოჯახზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისათვის, საჭირო იქნება (ერთი კვმ. ფართის თვითღირებულება ნაგულისხმევია 450- 500 ლარი) დაახლოებით 700-750 მლნ. ლარი; ხოლო ,,სოფლად სახლის“ პროგრამით, სოფლის სახლის შესაძენად თავის საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად, 15 000 ოჯახისათვის (ერთი სახლის ღირებულება 25-30 ათასი ლარი) 375-450 მლნ. ლარი. მშენებლობის ტექნოლოგიური ვადების და საქართველოს ბიუჟეტის რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხუთ-ექვს წელიწადში შესაძლებელია პრობლემის დასრულება.]
• ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს დევნილთა შემწეობის ოდენობის (45 ლარი) გადახედვა ზრდის მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის პროპორციულად და დევნილთა საჭიროებებთან დამოკიდებულებით.
• უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და დარჩენილი, სახელმწიფო და ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების აღრიცხვა, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია. ამის შედეგად სამართლებრივად რეალიზებული იქნება სახელმწიფოსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უძრავ ქონებაზე რესტიტუციის კანონით განსაზღვრული უფლება.
• საბაზრო ღირებულების შესაბამისად შეფასდება აღრიცხული უძრავი ქონება და გამოყვანილი (დაანგარიშებული) იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო და ფიზიკურ პირთა მიერ დატოვებული უძრავი ქონების ღირებულება და 23 წლის მანძილზე ამ ქონებაზე წვდომის უკანონოდ შეზღუდვისაგან მიღებული ზარალი, როგორც სახელმწიფოსათვის, ისე მოქალაქე ფიზიკური პირებისათვის. შემდგომ მიემართოს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომ საქართველოს მიმართ ამოქმედდეს ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისადმი უკანონოდ მიყენებული ზიანისა და ზარალის ანაზღაურების საერთაშორისო ნორმები. გაერო–ს პინეირუს პრინციპები, რესტიტუციის საერთაშორისო ფონდის შესაქმნელად, რომლის მეშვეობითაც მოხდება ზარალის ანაზღაურება, იქნება ეს დაბრუნების პირობებში თუ მის გარეშე.
6.2. ეკოლოგიური მიგრაცია
 არსებული მდგომარეობა
• საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა, ბოლო მონაცემების შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 10 000 ოჯახს, რომელთა შორის მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გადასახლებას დაქვემდებარებულთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 3227 ოჯახი.
• სახელწიფოს მიერ 2004-2015 წლებში, ახალი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდა 1209 ოჯახი. 2004-2012 წლებში სამინისტროს მიერ შესყიდული არის 1013 საცხოვრებელი სახლი, საიდანაც დაკანონების პროცესის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში გადავიდა 186 სახლი.
• საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (უხშირესად აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან), ძირითადად ჩასახლება განხორციელდა წალკის, ნინოწმინდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ეკომიგრანტებისათვის სახელმწიფომ შეიძინა ეთნიკურად ბერძენი მოსახლების საკუთრებაში არსებული 663 საცხოვრებელი სახლი და თითოეულ ოჯახს საკუთრებაში გადასცა 2 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგული.
• ზემოთ აღწერილმა ორგანიზებულმა შიდა მიგრაციამ, სტიქიური მიგრაციაც გამოიწვია,რომლის შედეგადაც აჭარის მარალმთიანეთიდან თვითნებურად გადასახლდა 1800 მდე ოჯახი. ამ ოჯახებმა ურთიერთ მოლაპარაკებების სფუძველზე (შეძენა, ქირა, მოვლა-შენახვა) დაიკავეს იმ ბერძენი მოსახლეობის სახლები, რომელიც საცხოვრებლად საბერძნეთში წავიდა.
• ბოლო წლებში საბერძნეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად, საქართველოდან იქ ჩასულ ოჯახებს ფინანსური პრობლემების გამო უწევთ საქართველოში ეკომიგანტებზე გაქირავებული ბინის ქირის გაზრდა ან უკუმიგრაციიის შემთხვევაში, ბინის დაცლის მოთხოვნა. ყოველივე ეს კი, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ეკომიგრანტებს.

 პროგრამული შეთავაზებები და გადაჭრის გზები
• საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებული მხარის ფართო მონაწილეობით შემუშავდება „საქართველოს კანონი ეკომიგრანტთა შესახებ“;
• მომზადდება და დაინერგება მრავალწლიანი „ეკოლოგიურ მიგრანტთა სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მთავარი მიმართულების განვითარებაში რამდენიმე მიდგომა არის დაგეგმილი:
 საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მ.შ. საზღვრისპირა რაიონებში;
 სახელმწიფო ბალანსზე არსებული კორპუსების რეაბილიტაცია;
 შეღავათიანი საბანკო სესხების გაცემა;
 ოჯახებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემა

6.3. მიგრაციის მართვა
 არსებული მდგომარეობა
• საქართველოში 2010-2014 წლებში, 26706-მა უცხოელმა სამეწარმეო ან არასამეწარმეო საქმიანობა დაიწყო. რეგისტრაციების აბსოლუტური უმრავლესობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის. იგივე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის 13572 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ იმ შემთხვევების, რომლებიც კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 2014 წელს დარჩნენ ქვეყანაში (არ იგულისხმება საქართველოს საზღვარის არალეგალურად გადამკვეთი პირები). საყურადღებოა, რომ ეს რიცხვი, წინა 2013 წელთან შედარებით, რიცხვი თითქმის 40%-ითაა გაზრდილი.
• საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებობს ქართული დიასპორის 300-ზე მეტი ორგანიზაცია (მაგალითად: უკრაინაში–43; რუსეთში–42); ამავე დროს, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს დიასპორის მკაფიო დეფინიცია და კრიტერიუმები, ასევე მეტნაკლებად ზუსტი მონაცემი საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენელთა რეალური რაოდენობის შესახებ.
• ყოველწლიურად საქართველოს ტოვებს ათეულობით ათასი ემიგრანტი საქართველოს მოქალაქე და ასევე ათეულობით ათასი მიგრანტი უკან ბრუნდება სამშობლოში. სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, ემიგრაციისა და იმიგრაციის სალდო ემიგრაციის მიმართულებით არის გადახრილი და ეს მაჩვენებელი წლითიწლობით იზრდება (2011 წელს 6924-ით მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა, 2012 წელს -7 542, 2013 წელს -12 181, 2014 წელს – 12 835, 2015 წელს – 15 692).

 პროგრამული შეთავაზებები და გადაჭრის გზები
• იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და სხვა პროცესებზე მიგრაციული პროცესები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს და აქედან გამომდინარე, იგი საქართველოსათვის სერიოზული გამოწვევაა, დაგეგმილია საქართველოში მიგრაციის პროცესების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავდება, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;
• საქართველოში მიგრაციის პროცესების მართვის პოლიტიკა აუცილებელია მოიცავდეს ისეთ სფეროებსა და საკითხებს როგორიცაა: მიგრანტთა უფლებების დაცვა; ლეგალური და არალეგალური მიგრაცია; მიგრანტთა ჯანმრთელობა და სოციალური საკითხები; საქართველოში კრიმინალური საფრთხის გაზრდის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორის –არალეგალური მიგრაციის პრევენცია; საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადექვატური ინფორმირება მიგრაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების ირგვლივ; საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობა; სამშობლოში დაბრუნების შემდგომ საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამები.

VII. სასამართლო

 პრობლემა

• საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. სისტემა ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების დროს არა საზოგადოების, არამედ თავად ხელისუფლეფლების ინტერესების დამცველად. ამას ადასტურებს გამამტყუნებელ განაჩენთა წარმოუდგენლად მაღალი პროცენტი (99%), ასობით ათასი პრობაციონერის არსებობა და ა.შ. მოსამართლეთა შერჩევა ხდებოდა ხელისუფლებისადმი ლოიალურობის პრინციპით და ნებისმიერი გადახვევა აღიკვეთებოდა „ყოვლისშემძლე” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით (მუქარა, შანტაჟი, დისციპლინური დევნა…). შედეგად მივიღეთ საზოგადოების ნდობადაკარგული, თავდაცვაზე გადასული დაშინებულ მოსამერთლეთა მთელი კორპუსი, რომელიც დღესაც მზადაა ნებისმიერი სახელისუფლებო შეკვეთის შესასრულებლად. ცხადია, გამონაკლისი არსებობს, მაგრამ ასეთ მოსამართლეთა რაოდენობა ძალზე მცირეა და საერთო სურათს ვერ ცვლის.
• მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება მას მერე, რაც რეალურად ამოქმედდება კონსტიტუციური ნორმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ (დღეს მოქმედი მოსამართლეები დანიშნული არიან 10 წლით ან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით) – ვითარების გამოსწორება სამართლებრივი გზებით შეუძლებელი გახდება.
• „ეროვნული ფორუმი” მხარს უჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპს, სასწრაფოდ შესაცვლელია მხოლოდ თანამდებობაზე გამწესების მექანიზმი ისე, რომ საჭირო არ გახდეს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება.

 პრობლემის გადაჭრის პროგრამული შეთავაზება

• დღეის მდგომარეობით პირველი (რაიონული და საქალაქო) და მეორე (სააპელაციო) ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები დაკომპლექტებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით – 205 მოსამართლე წარმოადგენს 24 რაიონულ და საქალაქო სასამართლოს (პირველი ინსტანცია), 55 – თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს (მეორე ინსტანცია).
• „ეროვნული ფორუმი” საზოგადოებას სთავაზობს ამ ორი ინსტანციის მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებას საერთო-სახალხო კენჭისყრის (არჩევნების) საშუალებით.
• არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ასარჩევი იქნება დაახლოებთ 300 მოსამართლე (ჩვენი ინფორმაციით მოსამართლეთა კორპუსი არასრულადაა დაკომპლექტებული) შემდეგი პრინციპების დაცვით:
 არჩევნები ტარდება 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად (სასურველია) ან ცალკე უახლოეს ხელსაყრელ დროს;
 არჩევნებს ატარებს საარჩევნო კომისიების დღეს არსებული სისტემა;
 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის და სასამართლოს მოთხოვნილებათა გათვალისწინებით ქალაქებსა და რაიონებში იქმნება ერთ (სასურველია) ან/და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები;
 უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფებისა და ცალკეული პირების (პოლიტიკური პარტიები, მათი ხელმძღვანელი პირები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრები და ა.შ.) რაიმენაირი ჩართულობა არჩევნების პროცესში (კანდიდატების დასახელება, აგიტაცია, დაფინანსება და ა.შ.);
 მოსამართლეობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ დღეისათვის არსებულ შესაბამის კრიტერიუმებს;
 კანდიდატების დასახელების უფლება უნდა ჰქონდეს პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო და სასწავლო – სამეცნიერო დაწესებულებებს (კანდიდატის კვალიფიკაციის დამატებითი გარანტიები) რომელთაც, შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი (სავარაუდოდ 10 წელი) გამოცდილება აქვთ, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფებს გარკვეული რაოდენობის (5-10%) ხელმოწერების შეგროვების გზით;
 კანდიდატად დასახელების უფლება უნდა ჰქონდეს მოქმედ მოსამართლესაც პირადად ან წინა პუნქტში აღწერილი მექანიზმის გამოყენებით (თუ დღეს მოქმედი მოსამართლე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მას შეეძლება საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ მისი ვადის ამოწურვამდე ამ ადგილზე უვადოდ არჩეული მოსამართლის პარალელურად);
 კანდიდატის საარჩევნო კამპანია დაფინანსდება ერთიანი საარჩევნო ფონდიდან, რომლის შევსები ძირითადი წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, აგრეთვე, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა ნებაყოფლობითი შენატანები; ფონდის თანხები თანაბრად გადანაწილდება ყველა კანდიდატზე;
 უვადოდ არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც სხვაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.
• ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში მხოლოდ არჩეული მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს წევრებთან ერთად, შეიკრიბებიან მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სააპელაციო სასამართლოების ახალი შემადგენლობების ასარჩევად.
• არჩეული მოსამართლის დაცულობის ხარისხის ასამაღლებლად დასაშვებად მიგვაჩნია შემდეგი მექანიზმის ამოქმედებაც: თუ მის მიმართ განხორიელდა დისციპლინური დევნა და შესაბამისი ორგანოს დასკვნა ითვალისწინებს თანამდებობიდან გათავისუფლებას, მოსამართლეს ექნება უფლება ან დაეთანხმოს დასკვნას ან მოითხოვოს კენჭისყრა ნდობის გამოსაცხადებლად იმ ოლქში, საიდანაც ის იყო არჩეული. ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში მოსამართლე დაუბრუნდება თავისი მოვალეობის შესრულებას. დასაშვებია მეორე ვარიანტიც: ასეთ მოსამართლეს უფლება ექნება იმ ოლქში, საიდანაც იყო არჩეული, დანიშნულ დამატებით არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და არჩევის შემთხვევაში, გააგრძელოს თავისი მოვალეობის შესრულება.
ასეთი წესით არჩეული მოსამართლეთა კორპუსი საზოგადოების მხრიდან აღჭურვილი იქნება დღევანდელთან შედარებით გაცილებით მაღალი ნდობით. გაიზრდება მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე
ანონსი
26 თებერვალს 20:15 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივზე” სტუმრად თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე ავთანდილ დავითაძე
20 თებერვალს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად “ეროვნული ფორუმის” ახალი პოლიტიკური მდივანი სოსო ვახტანგაშვილი და “ახალგაზრდული ფორუმის” თავმჯდომარე გიორგი ბერიძიშვილი
7 ნოემბერს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად იქნებიან სოსო ვახტანგაშვილი და ავთანდილ დავითაძე
17 ნოემბერს 20:00 საათზე
ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “პრიორიტეტი” სტუმრად ანი მიროტაძე
17 ნოემბერს 14:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად შორენა ბუხრაშვილი
15 ნოემბერს 22:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად სოსო ვახტანგაშვილი
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
       
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
       
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
       
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
       
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
       
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
       
     12
10111213141516
31      
1234567
293031    
       
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
       
სიახლეები
14714995_1623949171231210_3368225414411503941_o
ამგვარ თემებს ნუ გამოიყენებთ საკუთარ საარჩევნო კამპანიაში და ნუ ეცდებით, ასეთი საკითხით საკუთარ მიზანს მიაღწიოთ!
19893717_1605651936125452_212694659_o-1
სოსო ვახტანგაშვილი: “ხელისუფლებამ ეს პრობლემა მემკვიდრეობით მიიღო”
19897799_1605651929458786_383740986_o-2
სოსო ვახტანგაშვილი: რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები შესაძლოა მცხეთამდე გაავლონ
1497701838434
კახა შარტავა: “გამოცდილი პოლიტიკოსები, ვდგებით ახალი თაობის სამსახურში”
მთვლელი